ერთი ვარსკვლავი ცაზე

წერილი ვირთხას, რომელიც საღამოობით რბილ ბეტონზე წევს და ცაში იყურება

***

IMG_6341ერთხელ გითხარი კიდეც, სახელებს ვერ ვიმახსოვრებ მეთქი. ეს დიდად არც მომეთხოვებოდა, სანამ 25 ბავშვიან კლასში არ შევიდოდი. პირველივე გაკვეთილზე მივხვდი, რომ ყველა მოსწავლის სახელი უნდა დამემახსოვრებინა. პირველი უსიამოვნება ჩემი პედაგოგიური საქმიანობისას. გადავწყვიტე მეხსიერებისთვის მიმეხედა. რამდენიმე ფსიქოთერაპიამ და მეხსიერების ტესტმა მეც და ჩემი ფსიქოლოგიც დაგვარწმუნა, რომ პრობლემა მეხსიერებაში სულაც არ იყო. ჩემი გონება, თურმე, ადამიანების სახელებს არ მიიჩნევს იმდენად მნიშვნელოვნად, რომ ის მეხსიერების რომელიმე უჯრაში შეინახოს. ასე შევთანხმდით ერთ-ერთი ფსიქოთერაპიის დროს და ეს კითხვაც ასე დაიხურა.

არ ვიცი, ჩემი ფსიქოლოგის დასკვნა რამდენად დამაჯერებელია შენთვის, მაგრამ იმის ასახსენლად უნდა დამეხმაროს, თუ რატომ არ ვიცი შენი ნამდვილი სახელი და მეტიც, რატომ არასოდეს მიკითხავს ეს.

შენ ხომ ვირთხა ხარ?!

ყველა ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს მე თვითონ ვარქმევ სახელს ჩემს ცხოვრებაში მათი დაბადებისთანავე. რიტუალივით არის. ეს სახელები ორიგინალურობით არ გამოირჩევიან, მაგრამ არც გავნან იგივე სახელებს. ისედაც ასე მგონია, ყველა ერთნაირი სახელი სულ სხვა და სხვანაირია.

შენც ასეთი სახელი დაგარქვი, რომელიც არავის ქვია ამ ქვეყანაზე.

ეს რიტუალი ჩემთვის გამოსავალია ორი კანოონზომიერებიდან, რომელთაგან ერთს ვერასოდეს ვაღიარებ კანონზომიერებად და ვერასოდეს შევეგუები.

ჩემს მიერ დარქმეულ სახელებს დამახსოვრება არ ჭირდებათ. თითქოს სულ არსებობდნენ. უბრალოდ, ადგილი მოძებნეს და ჩასახლდნენ. ამ კანონზომიერებას არაფერს ვერჩი. დარჩეს კანონზომიერებად;

აი მეორე კანონზომიერებას რა ვუყო, არ ვიცი… გაუცხოვება, რომელიც სიკვდილის აქლემივით აუცილებლად დაიჩოქებს ადრე თუ გვიან ყველა ურთიერთობისას. ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში იბადებიან და თითქოს, რაღაც კონკრეტული მისიის შესრულებისთანავე ქრებიან.

ყველა ასეთი გაქრობა მტკივა.

ხო და, მოვიფიქრე, მათი რაღაც ნაწილები მუდმივად დავიტოვო ჩემთან. ეს ნაწილები ჩემი შერქმეული სახელებია. ისინი მუდმივად რჩებიან ჩემთან.

ამიტომ არის, რომ არც ერთი სახელი არ მეორდება. ყველას სხვა და სხვა სახელს ვარქმევ. არა, ერთნაირი სახელების შემთხვევაშიც არ ამერევა, მაგრამ ისინი ყველა სხვა და სხვანაირები არიან და სახელიც სხვა და სხვა მომდის ხოლმე თავში.

შენც სწორედ ასეთი სახელი დაგარქვი.

რბილ ბეტონზე წოლისას ადგილებისადმი გაუცხოვებაზეც გელაპარაკე და ცაში ვარსკვლავების თვალიერება სწორედ მაშინ დავიწყეთ. გახსოვს? არც ეს მომხდარა შემთხვევით.

სურამში ჩემი სახლის ეზოს თავზე ადგას რკალისებური ფორმის (უფრო ნამგალს გავს, ტარი აქვს) ვარსკვლავების წყობა. როცა გაუცხოვება მემართება და სივრცეში ვიკარგები, გამოვდივარ და იმ ნამგალს ვეძებ. ეს ნამგალია, რომელიც მაბრუნებს “სახლში”. ზოგჯერ ვპოულობ მას, ზოგჯერ ვერა..

ჩვენ რომ ცაში ავიხედეთ, ნამგალი არ ჩანდა. სამაგიეროდ, ვარსკვალვებისგან დაცლილ ცაზე ერთი, მარტოსული, ყველაზე ანთებული ვარსკვლავი აღმოვაჩინეთ. მას შემდეგ ყოველ დღე ვაკვირდები ცას. აი, აქაც, რბილი ბეტონიდან ასეული კილომეტრით შორს და ის ვარკსვლავი ყველგანაა. ხან ვარსკვლავებში ჩაფლული, ხან მარტო მდგარი, მაგრამ სულ არის.

ერთი, მარტოსული, ყველაზე ანთებული ვარსკვლავი ყველა ცაზე მოიძებნება, რომელიც ყოველთვის გამახსენებს რბილ ბეტონზე აღმოჩენილ იმ ვარკსვლავს.

არც მე ვიცი რას უნდა ველოდო. არც ის ვიცი, რა სახელი დავარქვა.. უბრალოდ ვისრულებ ოცნებებს:

გწერ წერილს

ვუყურებ ცას

გიყვები ჩემთვის ძვირფას ამბებს

ვუსმენ შენ სიჩუმეს

ვხატავთ ღუბლებით

ახლა გავჩუმდები და ჩავიძინებ.

როცა მოგწყინდება, გამაღვიძე, თორემ აქ როცა ვარ, ვერ ვიგებ დრო როგორ გადის..

კატა

16.08.2017

იზმირი (ქუჩუკუიუ)

Advertisements

კვახის კრემ-სუპი

butternutsquashsoupინგრედიენტები:

  1. საშუალო ზომის კვახი
  2. 2 ჭიქა ქათმის ნახარში (ბულიონი)
  3. 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  4. 2 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი)
  5. 1 ხახვი (დაჭრილი)
  6. გადადუღებული რძე ან ან ნაღები
  7. 1/4 სუფრის კოვზი დარიჩინი
  8. მარილი, წითელი პილპილი
  9. 1/4 სუფრის კოვზი შავი პილპილი
  10. ფორთოხლის წვენი არომატისთვის

მომზადების წესი

ღუმელი გავაცხელოთ 400 გრადუსამდე. კუბიკებად დაჭრილი კვახს მოვასხათ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, შევკაზმოთ მარილით და პილპილით და მოვურიოთ. შენელებული კვახის კუბიკები მოვათავსოთ საცხობ ქაღალდზე და შევდგათ ღუმელში. ღუმელში გავაჩეროთ 20-25 წუთი. ამ პერიოდში მოვურიოთ 2-ჯერ მაინც.

ზეითუნის ზეთში მოთუშული კვახი მოვათავსოთ ბლენდერში, დავუმატოთ ქათმის ნახარში და მოვამზადოთ კრემი.

დიდ ჭურჭელში დავასხათ 1 სუფრის კოვზი ზეთი. საშუალოდ მხურვალე ზეთს დავუმატოთ ნიორი, ხახვი და მოვდაღოთ 2-3 წუთის განმავლობაში. მიღებულ ტექსტურას დავუმატოთ კვახისა და ბულიონის კრემი და მოვურიოთ. აღნიშნული მასა შევანელოთ დარიჩინითა და შავი პილპილით, დავუმატოთ რძე ან ნაღები და ხუთი წუთის განმავლობაში ვურიოთ ცეცხლზე.

გაგრილების შემდეგ დაუმატეთ ფორთოხლის წვენი და მოაყარეთ ცოცხალი პილპილი.

წყარო: http://reluctantentertainer.com/creamy-butternut-squash-soup/ 

ფილმი, რომელიც ყველა მასწავლებელმა უნდა ნახოს

გიფიქრიათ იმაზე, რა არის თქვენი პროფესიული საქმიანობის მთავარი მოტივაცია, ამოჩემებული მიზანი, რასაც ყოველდღურად მიყავხართ სამსახურში? მიზანი, რომლისკენ სწრაფვაც ძალებით გავსებთ, რათა იბრძოლოთ სხვისი ბედნიერებისათვის, საკუთარი თავისა და ნებისყოფისათვის. შეიძლება გიფიქრიათ, შეიძლება რამდენიმე ისტორიაც მოყვეთ, როცა თქვენ  საკუთარი ინტერესი და პირადი ცხოვრებაც კი ამ მიზნისაკენ მიმართეთ და ვერ შეგაჩერათ ვერაფერმა.

რა ვიცი… იქნებ, გიფიქრიათ.

მინდა, კითხვა ცოტა ხნით შეწყვიტოთ და ამ რამდენიმე საკითხზე მკაცრად დაკითხოთ საკუთარი თავი. მოსაზრებები კარგად დაიმახსოვროთ და შემდეგ ისევ განაგრძოთ კითხვა.

რიჩარდ ლაგრავენესის რეალურ ამბავზე შექმნილი ფილმი „მშვიდობის მწერლები“ ვნახე და აგერ უკვე მესამე დღეა თავს ვერ ვაღწევ შესავალში დასმულ კითხვებს. მიხვდით, ალბათ, რომ ფილმის შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ჩემის აზრით, ეს ფილმი ყველა მასწავლებლმა უნდა ნახოს.

ორი რჩევა მაქვს, რომელთაგან შეგიძლიათ ერთი შეარჩიოთ. პირველი – ჯერ ნახოთ ფილმი და შემდეგ წაიკითხოთ წინამდებარე პოსტი. (ამ გზას თუ დაადგებით, წესით, კითხვა აქ უნდა შეწყვიტოთ.) მეორე- წაიკითხოთ პოსტი ბოლომდე და შემდეგ ფილმი ნახოთ, ოღონდ, ამ შემთხვევაში, ფილმის ნახვის შემდეგ, ისევ თუ გადაიკითხავთ და თქვენს აზრსაც გამოთქვავთ, მადლიერი დაგრჩებით. განსაკუთრებით, მასწავლებლები ნუ იქნებით გულგრილნი. მოკლედ, არჩევანი თქვენთვის მომინდია.

ფილმის კინემატოგრაფიულ განხილვას არ შევუდგები. საამისოდ არც შესაბამისი კომპეტნცია გამაჩნია და მითუმეტეს, არც პრეტენზია. ისე კი, აქაც მაქვს ჩემი შეხედულებები და აქა-იქ შენიშვნებიც. თუმცა, ეს ახლა იქით გადავდოთ.

ფილმი ინგლისური ენის დამწყებ მასწავლებელზეა, რომელიც, პირველ რიგში, იმით მხიბლავს, რომ მას თავიდანვე სწორად აქვს ჩამოყალიბებული მომავალი საქმიანობის მოტივაცია და ზუსტად იცის რისი მიღწევა სურს – მას სურს დაეხმაროს მოსწავლეებს. სწორედ ამიტომ არ უშინდება სკოლის ადმინისტარაციის მიერ მისი მომავალი კალსის ნეგატიურ დახასიათებას.

ფილმში კარგად არის გადმოცეული ის სირთულეები, რაც ახალგაზრდა, გამოუცდელ ერინ ბროუს ხვდება პედაგოგიური საქმიანობის დასაწყისში და აქვე კარგად ჩანს მისი აღმზრდელობითი სტრატეგია, რითაც ის არსებულ სირთულეებს უპირისპირდება.

წარუმატებელი და თითქმის არშემდგარი გაკვეთილების შემდეგ ერინი იწყებს მოსწავლეების დაბალი მოტივაციის, მოზარდებში საკუთარი მომავლისა და შესაძლო წარმატებისადმი სკეპტიკური განწყობის, კლასელებს შორის დანგრეული ურთიერთობების მიზეზების ძიებას. ალბათ, დამეთანხმებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური გარემო, ის ატმოსფერო, სადაც არა მხოლოდ სწავლება გვიწევს, არამედ თავად მოზარდების პიროვნული ფორმირების პროცესი მიდის.

ძალიან კარგად ესმის ეს ახალგაზრდა მასწავლებელს, რომ თუ ის ემოციურად მშვიდ და კომფორტულ გარემოს არ შექმნის, ზედმეტი იქნება საგანმანათლებლო მიზნების წარმატებაზე საუბარი.

ერინი არსებულ პრობლემებში გარკვევას მოსწავლეების პირად ცხოვრებაში გარკვევით იწყებს. ის ამას  არა პირადი საუბრების საშუალებით, არამედ ინტერაქტიული მეთოდებით ცდილობს. ხშირად პროვოცირების ხერხებსაც მიმართავს, სადაც მოსწავლეები პირდაპირ გამოხატავენ მათ შეხედულებებს, სტერეოტიპებს, რის შემდეგაც იოლი ხდება პრობლემებში გარკვევა. მაგალითად რატომ არჩევს ერინი საგაკვეთილო თემად მაინც და მაინც „2Pac”-ის სიმღერას? სწორედ ამ დროს იკვეთება არსებული კონფლიქტების რასისტული ფესვები, როცა მომღერლის მიმართ დამოკიდებულება თეთრ და შავკანიან მოსწავლეებს შორის იყოფა, მხლოდ იმიტომ, რომ “2Pac”-ი შავკანიანი მომღერალი იყო. ეს კლასში დაპირისპირების მიზეზიც კი ხდება.

ამ მხრივ, საინტერესოა ასევე ინტერაქტიული თამშის – „წითელი ზოლი“-ის ეპიზოდიც. ამ თამაშის შემდეგ ერინ ბროუნი უკვე ნათლად ხედავს არსებულებული პრობლემების მიზეზებს, იმას თუ როგორი რთული პირადი ცხოვრების ფონზე უწევთ მოზარდებს განათლების მიღება და როგორი მძიმე შთაბეჭდილებების ქვეშ არიან, რა საფუძვლები ქონდა მათ კრიმინალურ მისწრაფებებს.

ამის შემდეგ კარგად ჩანს ინგლისური ენის მასწავლებლის გონივრული და სწორად გათვლილი ნაბიჯები, რაც საბოლოოდ ერთი მიზნისაკენ მიმართულ სტრატეგიად იკვრება -დაარწმუნოს საკუთარი მოსწავლეები მათ შესაძლებლობებსა და წარამტებაში. საამისოდ კი, შექმნას თბილი და კონფლიქტებისაგან თავისუფალი სასწავლო გარემო.

ასე, რომ ფილმის მთავარი გმირისათვის უკვე ნათელი ხდება ის საჭიროებები, რაც მოზარდებისთვის სასიცოცხლოა, თუმცა, ის მათ პრობლემებში გარკვევას  გარკვეული იდეოლოგიით იწყებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კლასის „ტოლერანტობის მუზეუმში“ სტუმრობა, იმ ადამიანებთან შეხვედრები და მათი ნამდვილი ისტორიების მოსმენა, რომლებიც ანტისემიტიზმსა და რასისტულ პოლიტიკას გადაურჩნენ. აქ მასწავლებელი ცდილობს, მოსწავლეებს ცოცხალი მაგალითებით დაანახოს რასიზმის შედეგად წარმოქმნილი აგრესიის შედეგები, რაც სწორედ მათი გათიშულობის ერთ-ერთი  მიზეზია. თუ დაუკვირდებით, ერინის მიერ კლასში განხორციელებულ ყველა აქტივობას კონკრეტული მიზანი უდევს საფუძვლად.

ერინ ბროუნი თავდაპირველად ფრთხილობს,  მოსწავლეებს გულახდილად საუბარი მოსთხოვოს მათი ცხოვრებისეული თავგადავლების შესახებ. სწორედ ამ მიზნით, ის მათ სთავაზობს დღიურის წარმოებას, სადაც ყოველდღიურად დაწერენ მათი შთაბეჭდილებების, ემოციებისა და საერთოდ, განვლილი ცხოვრების შესახებ. გამაოცა იმან, რომ არც ერთი მოსწავლე არ ამბობს აღნიშნულ დავალებაზე უარს. ცხადი ხდება, რომ მათ მსმენელი სწირდებათ, ვისაც ენდობიან.

ვფიქრობ, მოსწავლეების დარწმუნება, შემდეგ კონკრეტული ალტერნატიული ცხოვრებისეული გზების ჩვენება და არჩევანის წინაშე დაყენება, თითქმის გამარჯვებაა. სწორედ ამ დროს ჩნდება მათთვის გმირების, თანამოაზრეებისა და მხარდამჭერის აუცილებლობლის საკითხი. როდესაც ცხოვრების, აზროვნების წესის შეცვლა და გამარჯვება გინდა, ამ გზაზე მეგზური გჭირდება თანამეინახედ.

ასე ამზადებს ერინ ბროუნი მოსწავლეებს „ანა ფრანკის დღიურების“ წასაკითხად. კიდევ ერთი გმირი რეალური  ცხოვრებიდან, რომელიც მოსწავლეების გაოცებას იწვევს და კიდევ უფრო ამძაფრებს ემოციებს  მათი განვლილი ცხოვრებისა და შეხედულებების მიმართ, ცხოვრების, რაც საბოლოოდ ერთ წიგნად შეკრეს, სათითაოდ, ყველა მოსწავლის მიერ შედგენილი ყოველდღიური ჩანაწერების მიხედვით. ასე შიქმნა „მსვიდობის დღიურები“.

ფილმი, მისი მთავარი პერსონაჟის მაგალითზე, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად, სწორად შერჩეული პროფესია. არა მხოლოდ ცარიელი ენთუზიაზმი, არამედ ნათლად გამოკვეთილი მიზანი. უბრალოდ, პასუხი მარტივ კითხვაზე – რისი მიღწევა მსურს?  ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიისათვის.

ერინის თანმიმდევრული, მოსწავლეების შესაძლებლობებისა და განწყობის შესაბამისი სტრატეგიის შედეგი იყო სწორედ ის, რომ მათ სხვანაირად ფიქრი დაიწყეს, ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტეს და დარწმუნდნენ იმაში, რომ შანსი მათაც აქვთ იყვნენ ბედნიერები. ფილმში ნათლად ჩანს, რომ მასწავლებელი არა გამზადებული თეორიებით, არამედ ძიების, ზოგჯერ წარუმატებელი ნაბიჯების შედეგად, შეუპოვრად მიდის დასახულ მიზნამდე. ეს კი, რთული, თუმცა საინტერესო პროცესია. საინტერესო მხოლოდ მათთვის, ვისაც მასწავლებლობა გაცნობიერებულად და შეგნებულად სურს.

გზა ყველა ბავშვის გულამდე მიდის, მთავარია დაინახო, რომ მზე ყველას გულში იმალება.

არასოდეს დამავიწყდება ემოცია, რაც ჩემში ერთ-ერთი პერსონაჟის, ყველაზე პასიური მოსწავლის სიტყვებმა გამოიწვია – „როდესაც კლასში შემოვდივარ, მე სახლში ვარ!“

რატომ “მშვიდობის მწერლები”? ამას ფილმის ნახვის შემდეგ გაიგებთ. დასასრულს კი, გთავაზობთ ფილმის საუნდტრეკს.

ფოტოსასაფლაო 2011

მსოფლიო პრესამ არაერთხელ აღნიშნა, რომ გასულს წელს,როგორც შოუ-ბიზნესმა, ასევე მეცნიერების სხვა და სხვა დარგმა, დიდი დანაკლისი განიცადა არაერთი ნიჭიერი და ცნობილი ადამიანის დაკარგვით. ეს წელი მძიმე აღმოჩნდა ჩემთვისაც და ყველა იმ მელომანისთვის, ვინც ემი ვაინჰაუსის მსმენელი იყო. აღარაფერს ვამბობ ემის გარდაცვალების მიზეზებსა და გარემოებებზე. ასევე Apple-ის კომპანია მისი დამფუნძნებლის – სტივ ჯობსის გარეშე განაგრძობს საქმიანობას. სტივისადმი გამოხატული გლოვა, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა, იმდენად საყოველთაო და გულის ამაჩუყებელი აღმოჩნდა, რომ მის თანამედროვე დიდსა თუ აპატარას არასოდეს დაავიწყდება ის. გასული წელი ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმითაც, რომ არაერთი ტერორისტი და დიქტატორი გამოესალმა სიცოცხლეს.

მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ადამიანები და თვალი გადავავლოთ გასულ წელს გარდაცვლილ ცნობილ ადამიანთა სიას.

 3 იანვარს გარდაიცვალა 80 წლის გერმანელი ლირიკოსი, ბავშვთა და მოზარდთა ლირიკოსი ევა შტრიტმახერი. ის წერდა ბუნებაზე, ადამინურ გრძნობებსა და ქმედებებზე.

24 იანვარს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანელი პროდიუსერი ბერნდ აიხინგერი. ის ითვლებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის ფიგურად თანამედროვე კინემატოგრაფიაში. მის ფილმებს შორის არიან ოსკაროსანი ფილმებიც: „ბუნკერი“ და „არსად აფრიკაში“. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ფილმში „არსად აფრიკაში“ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.

ფრანგი მსახიობი მარია შნაიდერი ფრანგული კინოს ცნობილ ვრსკვლავად 1972 წლიდან იქცა, მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „უკანასკნელი ტანგო პარიზში“. ამ ფილმში ის პარტიორობას მარლონ ბრანდოს უწევდა. მარია შნაიდერი 3 თებერვალს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2011 წლის 28 თებერვალს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ასევე ფრანგი კინომსახიობი ანი ჟირარდო. ის ითვლებოდა არა მხოლოდ ფრანგული, არამედ მსოფლიო კინოვარსკვლავად. ის ცნობილია კინოფილმებიდან „როკო და მისი ძმები“, „სიყვარულისგან გარდაცვალება“ და სხვ.

ამერიკელი კინოვარსკვალი ჟან რასელი 1940-1950-იან წლებში მერლინ მონროს გვერდით პოპულარობის ზენიტში იყო. გასული წლის 28 თებერვალს ის 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ადრეული ჰოლივუდის უკანასკნელი დივა და მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკელი კინოვარსკვლავი ელიზაბეტ ტეილორი 23 თებერვალს გარდაიცვალა. ცნობილია ფილმები მისი მონაწილეობით  – „კლეოპატრა“, „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ და სხვ. ის რვაჯერ გათხოვდა და მათ შორის ორჯერ რიჩარდ ბარტონზე.

9 აპრილს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი რეჟისორი სიდნეი ლუმეტი. ის  ვარსკვლავებთან მუშაობდა, როგორებიც იყვნენ მარლონ ბრანდო, კატრინ ჰეპბერნი, ალ პაჩინო და შონ კონერი.

18 იანვარს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ნობელის პრემიის ლაურეატის მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის  – ანდრეი სახაროვის მეუღლე, ადრეული საბჭოეთის დისიდენტი ელენა ბონერი.

ამერიკული ტელე-დეტექტივების უგვირგვინო მეფე და მსახიობი პეტერ ფალკი გასული წლის 23 ივნისს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მსოფლიო აღიარება მოუტანა სერიალმა „ინსპექტორი კოლომბი“.

პარამილიტარისტული და ტერორისტული ისლამური ორგანიზაციის ალ-ქაიდას დამაარსებელს და ლიდერს, მსოფლიოს №1 ტერორისტს ოსამა ბინ-ლადენს მიეწერეობდა 2001 წლის 11 სექტემბერს „მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე“ ორგანიზებული ტერორისტული აქტი და კიდევ ბევრი დანაშაული. 2011 წლის 2 მაისს ოსამა ბინ-ლადენი ამერიკისა სპეცსამსახურებმა ისლამაბადის სიახლოვეს მოკლეს.

ლიბიის დე-ფაქტო ლიდერი და დიქტატორი მუამარ ალ-ყადაფი 2009 წლის 8 ივნისს გაბონის პრეზიდენტის ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ გახდა მესამე მმართველი. ის ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს. მუამარი 10 ოქტომბერს 69 წლის ასაკში სამოქალაქო ომს შეეწირა.

ავსტრიის უკანასკნელი იმპერატორისა და უნგრეთის მეფის უფროსი ვაჟი ოტო ვონ ჰაბსბურგი, რომელიც ამავდროულად 1979-1999 წლებში ევროპარლამენტის წევრიც იყო, 4 ივლისს  98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბრიტანელი მომღერალი ემი ვაინჰაუზი, რომელიც შეუდარებელი იყო სოულის ჟანრში, დიდი ხანი ებრძოდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას. ის 23 ივლისს 27 წლის ასაკში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად საკუთარ სახლში გარდაიცვალა

რიჩარდ ჰამილტონი ბრიტანული პოპ არტის ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. ის ქმნიდა კოლაჟებს, ნახატებს და სკულპტურულ ნიმუშებს. ბითლზების ერთ-ერთი ალბომისათვის შექმნილი აქვს გარეკნის დიზაინი. ის 13 სექტემბერს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ციფრული ერის ყველაზე გამოჩენილი ნოვატორი და ეპლის დამფუძნებელი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში პანკრიატული სიმსივნის დიაგნოზით 5 ოქტომბერს გარდაივალა. მან პოპულარიზაცია გაუწია პერსონალური კომპიუტერის იდეას ეპლი II-ით. მოგვიანებით, ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კომერციული პოტენციალი დაინახა გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და თაგუნაში, რომელიც ქსეროქსის პალო-ალტოს კვლევით ცენტრში დამუშავდა, შემოიტანა რა ეს ინოვაციები ეპლ მაკინტოშის კომპიუტერებში.  2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.

მისი ფილმები უმეტესად სექსს და რელიგიას ეხებოდა, რის გამოც ისინი  ხშირად ცენზურის მსხვერპლნი ხდებოდნენ. კენ რასელი  პოპულარობის ზენითში 70-იან წლებში მოექცა. მსახიობი 27 ნოემბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილი ფოლკლორული მომღერალი სან-ვისენტედან ცეზარია ევორა 45 წელზე მეტი ფეხშიშველი იდგა სცენაზე. მას მოიხსენიებენ, როგორც  მორნას დედოფალს (სოულის ჟანრი). ის 70 წლის ასაკში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი მმართველი კიმ ჩენ ირი 17 დეკემბერს, მატარებლით მგზავრობისას გულის ინფაქტით გარდაიცვალა.

ჩეხეთის ექს პრეზიდენტის ცხოვრებისეული დევიზი – „ჭეშმარიტებამ და სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს“ იყო. ვასლავ ჰაველი 1989 წლის პოლიტიკური გადატრიალების მთავარი ფიგურა იყო. ის 18 დეკემბერს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არასოდეს დაუმალოთ ბავშვებს სიმართლე

ადრეული ბავშვობიდან თითქმის ყველას კარგად ახსოვს, რაოდენ დიდი იყო წეროებისა და კომბოსტოს მიერ შეტანილი წვლილი კაცობრიობის გამრავლებაში. მეც ის ბავშვი ვარ, წერომ ნისკარტით რომ მიმაბარა დედაჩემს (გამიმართლა, კომბოსტოს ცივ ფოთლებში გახვეული რომ არ მიპოვეს) და თან დაუბარა, კარგად ისწავლოს, თორემ უკან წავიყვანო. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან ბევრს მოგისმენიათ თქვენი უფროსებისაგან მსგავსი პასუხები კითხვაზე – როგორ გავჩნდი? – მაშინ, როდესაც პირველად აღმოაჩინეთ, რომ ყველაფერს რადგან დასასრული აქვს, ესე იგი, ჩვენც საიდანღაც უნდა ვიწყებოდეთ.

ყველაზე უფრო გულუბრყვილო ბავშვიც კი არ დაიჯერებდა წეროებისა და კომბოსტოს ასე დრმატულად შეთხზულ ისტორიას, თუმცა, ერთს კი ყველა ზედმიწევნით ხვდებოდა – მსგავსი კითხვები არ უნდა გაეგრძელებინა და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, აღარც კი გასჩენოდა.
ჩემებს ყოველთვის კარგად ესმოდათ, რომ ასე იოლი არ იყო ჩემი ცნობისმოყვარეობის დაოკება და მითუმეტეს მოტყუება, თუმცა, როგორც ცხონებული ბაბუაჩემი იტყოდა, მაინც თავისას აჭენებდნენ. სწორედ ასეთმა ცნობისმოყვარეობამ გადამყარა ერთ უჩვეულო შემთხვევას, რასაც ხშირად ვიხსენებ ხოლმე, თუმცა ამის დაწერა ახლა გადავწყვიტე.
ეს მაშინ ხდება, როცა მოვრჩი იმაზე ფიქრს, თუ რატომ ებერებოდა ქალს მუცელი და ჩნდებოდა ბავშვი მაინც და მაინც ქორწილის შემდეგ; ჩემი ამქვეყნად მოვლინების შესახებ გამოგონილი ისტორიების ჭეშმარიტებაზეც უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული და სწორედ ამ დროს, ჩემდა საბედისწეროდ ყური მოვკარი ჩემთვის აქამდე გაუგონარ სიტყვას.
ბებიაჩემი მკერავი ქალი იყო და მოგეხსენებათ, მომსვლელი არ გველეოდა. მის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ხშირად მიწევდა, რადგან დედა დღის განმავლობაში სამსახურში იყო. ასე ვატარებდი დღის გარკვეულ ნაწილს ბებიასთან და მის კლიენტურასთან ერთად. ჭრა-კერვის პროცესში, ისე, რომ საქმესაც არ აკლდებოდა გულმოდგინება, სალაპარაკო არ ილეოდა. რას არ მოკრავდი ყურს, რა თემა არ იშლებოდა აქ, მათ შორის ტაბუდადებულიც.
ერთხელ, ბებიის მეგობარი ქალი იკერავდა კაბას და როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, უსაქმოდ ხშირად უწევდა მოცდა მორიგ „პრიმერკამდე“, თუ ზომების დაზუსტებამდე. სწორედ ერთ-ერთ ამ შუალედში საუბრისას, არ ვიცი, რამ მოიტანა და ყური მოვკარი სიტყვას, რომელიც აქამდე არასოდეს გამეგო – „აბორტი“. კონტექსტს და სტატისტიკას, რასაც მაშინ ქალები ითვლიდნენ შეგნებულად აღარ დავაკონკრეტებ, ამას არც აქვს ახლა მნიშვნელობა, თუმცა მთელი სიზუსტით დღემდე მახსოვს.
– ბებო, რა არის აბორტი? – ისეთი მოკრძალებული და დაბალი ხმით ვიკითხე, რომ ნამდვილად არ მოველოდი, ჩემი კითხვა ასეთ გაოცებას თუ გამოიწვევდა. ქალებმა ერთმანეთს ჩუმად გადახედეს, თითქოს ერთმანეთის თვალებში ეძებდნენ პასუხს. ალბათ, იმასაც არ მოელოდნენ, თამაშში გართული მათ საუბარსაც თუ ვადევნებდი ყურს. კითხვა კიდევ ერთხელ გავიმეორე, ამჯერად უფრო ჯიუტად და ხმაც გავაძლიერე:
– არ მეტყვი, რა არის აბორტი?
– აბორტი რა არის, ბებო და… – ცოტა ხნის შეყოვნების შემდეგ ბებომ განაგძო განმარტება – კუჭის ოპერაცია.
ამას მოჰყვა ქალების ღიმილნარევი მზერა. საუბარიც მაშინვე უხერხულად შეწყდა აღნიშნულ თემაზე და უკვე რთული გამოსაცნობი არ იყო, რომ რაღაცას მიმალავდნენ. დიახ, მომატყუეს და ეს მაშინვე ვიგრძენი, თორემ აბა ასე ღიმილიანი თვალებით საუბარი არ გამიგია სხვა შემთხვევაში. მაშინვე ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ თითქოს რაღაც დავაშავე.
ჩვენს მეზობლად ერთი ხანშიშესული ქალი, მანია ცხოვრობდა, რომელიც უკვე საწოლს იყო მიჯაჭვული და გასათხოვარი, ერთად-ერთი ქალიშვილის ამარა იყო დარჩენილი. მანია ბებოს, როგორც სჩანს, ბავშვის აღზრდისა მეტი გაეგებოდა, ვიდრე ბებიაჩემს. ერთხელ ჩემი თანდასწრებით აქვს ნათქვამი, რომ ბავშვს არასოდეს არ უნდა მოატყუო და ყველაფერზე სიმართლე უნდა უთხრაო.
ხო და, საჭირო დროს გამახსენდა მანია ბებოს ეს ნათქვამი. დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ის იქნებოდა, ვინც არ მომატყუებდა და სწორად განმიმარტავდა იმ უცხო სიტყვის მნიშვნელობას, რაც ბებიაჩემმა და მისმა მეგობარმა საგულდაგულოდ დამიმალეს.
ვეცადე დრო სწორად შემერჩია მანია ბებოსთან სასუბროდ. მაშინ ვესტუმრე, როცა მისი ქალიშვილი, როგორც წესი, სამსახურში იყო და გვერდით სკამზე მოვუკალათდი.
– მანია ბებო, რა არის აბორტი? – ყოველგვარი შესავლის გარეშე პირდაპირ თემაზე გადავედი და მოლოდინმაც არ გადააჭარბა – გეგმამ წარმატებით იმუშავა. ახლაც სიტყვა-სიტყვით მახსოვს მისი მშვიდი და სრულიად აუღელვებელი პასუხი.
– აბორტი, ბებო, არის საშვილონოს ამოფხეკა. – ასე მოკლედ და ზედმეტი განმარტებების გარეშე მიპასუხა მოხუცმა.
ამ ისტორიას პირველად ვწერ, თუმცა ხშირად ვყვები ხოლმე. იცით რა არის ამ ამბავში ჩემთვის ყველაზე საინტერესო? არც საშვილოსნოსი და მითუმეტეს მისი ამოფხეკის მაშინ არაფერი გამეგო. საბოლოოდ ვერც სწორმა განმარტებამ მითხრა ისეთი, რაც ამ სიტყვის მნიშვნელობას ჩემთვის უფრო ნათელს გახდიდა. მხოლოდ ერთს მივხვდი ზუსტად და სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ კითხვას აღარ მივბრუნებოდი – არ მომატყუეს, არ დამიმალეს სიმართლე.
მანია ბებომ საქმე ნამდვილად გამიიოლა. ვინ უწყის კიდევ ვისთან მივსულიყავი, რა წიგნი გადამეშალა, რა პასუხები მიმეღო, ან თუნდაც უპასუხოდ დარჩენილი კითხვისათვის თავად რა სახელი დამერქმია. ამ ძიებაში ვინ იცის კიდევ რას წავაწყდებოდი – ილუსტრაცია, ფოტო, იმ ასაკისათვის გაუგებარი სიტყვები, განმარტებები და თავსატეხიც როგორ გამიმრავლდებოდა. ამას მიუმატეთ დღეს უკვე ასე განვითარებული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც მაშინ არ არსებობდა და დღეს უკვე ამ ინფორმაციის მორევში მოქექიალე ბავშვი, რომელიც კითხვაზე პასუხს ეძებს. აღარაფერს ვამბობ იმ შფოთზე, ემოციებზე, რაც ყოველივე ამას შეიძლება მოჰყოლოდა.
მე ნამდვილად გამიმართლა მანია ბებოს წყალობით.
არასოდეს დაუმალოთ ბავშვებს სიმართლე!

მოვალეობა

დღიურების წერაში უკვე მეხუთე დღე მიილია. არა, მხოლოდ დღიურების წერაში არა. ძილსაც ვახერხებ და სხვა პირადი თუ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებასაც. ვახერხებ – კარგი სიტყვაა. ზედგამოჭრილია საახალწლო არდადეგებისას სამუშაო განწყობაზე.

ხუთშაბათი. მთელი დღე თავში ერთი რამ მიტრიალებს, საღამოს დღიურის დაწერა. არ მომწონს, ამის კეთება თითქოს მოვალეობად რომ ვაქციე და მიუხედავად განწყობისა, მაინც რომ უნდა ვაკეთო. ზოგჯერ ამართლებს ეს თვისება, პირობის აკვიატებულად ერთგულება. მგონი ასე ავიკვიატე, ერთი კვირის ჩანაწერებს ყოველდღიურად გავაკეთებ მეთქი და ეს პირობა საკუთარ თავს ხომ აუცილებლად უნდა შევუსრულო. დღიურის შემთხვევაში ეს ძალიან გაუმართლებელი აღმოჩნდა. სათქმელი ყოველთვის არის, თუმცა, სათქმელის გადმოცემას ნამდვილად სჭირდება განწყობა.

მაღვიძარა საწოლთან დედამ დამიდო, წინა დილით შეშინებულმა, ალბათ. სამსახურში დანიშნულ დროს გამოვცხადდი და ბუღალტრის ლოდინში დიდი დროც დავკარგე. თითქმის ყველა ვირუსს ებრძვის და მაიაც. მაიას მოსვლის შემდეგ რამდენიმე ხელშეკრულება გავაფორმეთ და დღევანდელი დღის ვალიც მოვიხადეთ. ძალიან უინტერესოა სკოლა ბავშვებისა და სასკოლო ხმაურის გარეშე.

სახლში მოგვიანებიათ დავბრუნდი და დედაჩემს მის სამედიცინო გამოკვლევებზე ვუთანხმდები. ცდილობს დამალოს, თუმცა ვგრძნობ, როგორ ნერვიულობს. იმედს ვიტოვებთ, საგანგაშო არაფერია. “სანდრას კლინიკას” ხვალ შევუთანხმდებით და ჩემი გათვლებით ორშაბათიდან შევუდგებით საქმეს. მშვიდად ვართ. დედაჩემს არასდროს არაფერი დაემართება.

საშინლად მეძინება. ტელეფონი საბნის ქვეშ მოვაფარე. არ გამოვრთე. თუ ვინმე დარეკავს, ხმას მაინც ვერ გავიგებ. მართალი ვიქნები სხვებთანაც და საკუთარ სინდისთანაც.

ძალიან გავს ჩემი დღევანდელი ჩანაწერი მოვალეობის გრძნობით პირნათლად მოხდილ ვალს.

გავიღვიძე და იწყება ღამის ცხოვრება. უკვე 6 იანვარია.

05.01.2012.

არაყი

პირველი დღის ჩანაწერში მითქვამს – არ ვიცი, დღიურს რატომ ვწერ მეთქი. ამ კითხვაზე მაშინ პასუხი არ მქონდა და მიხარია, ამის გამო წერა რომ არ გადავიფიქრე. შეიძლება ეს პასუხგაუცემლობაც იყო სიჯიუტის მიზეზი. საინტერესოა, როცა საკუთარ ცხოვრებას აკვირდები. თუნდაც ისეთს, ერთი შეხედვით მოტორულად რომ მეორდება და ერთმანეთს გავს – გავიღვიძე, წავედი სამსახურში, მოვედი, ლეპტოპი ჩავრთე, ჩამეძინა… ასეა ერთი შეხედვით, თორემ თუ უფრო კარგად დაფიქრდები, გუშინდელისაგან განსხვავებით რა დაწერო, სათქმელსაც მოძებნი. სათქმელი რომ მოძებნო, ამ ერთი შეხედვით მოტორულად განმეორებად დღეებს სხვა და სხვა კუთხიდან უნდა შეხედო. საკმარისია შენს ცხოვრებას, რომელიც დღეებისაგან, ადამინებისაგან შედგება, განსხვავებული კუთხეები მოუძებნო, რომ მაშინვე აღმომჩენი ხარ. ამ პროცესით გამოწვეული სიამოვნება დღეს პირველად ვიგრძენი და უკვე ვიცი, რატომ ვწერ დღიურებს.

დღეს ოთხშაბათია. 4 იანვარი. პატრიარქის, ლექსოს და მარის დაბადების დღე. ლექსო ჩემი ნათესავია, რომლის დაბადების დღეც ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნებოდა. საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ დაბადების დღეებს. ის რომ ლექსოს დაბადების დღე მახსოვს, სწორედ ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნების ბრალი უფროა, ვიდრე ჩემი ყურადღებიანი და მოწესრიგებულილ მეხსირების. პატრიარქის და მარის დაბადების დღე კი იმიტომ მახსოვს, რომ ის ლექსოსას ემთხვევა. როგორც ჩანს, ჩემი მეხსირებისთვის იერაქიებს და პრიორიტეტებს ნაკლები მნიშვნელობა აქვთ.

გილოცავ, ლექსო, დაბადენის დღეს! მიუხედავად იმისა, რომ ვერც ხმას მოგაწვდენ და ისიც ვიცი, რომ არასოდეს დაიწყებ ჩემი დღიურების კითხვას, მაინც გილოცავ. ბავშვობიდან მოყოლებული გაცხოველებულ კონკურენციასა და შენს ჩხუბის თავობაზე დღეს უკვე ძალიან მეცინება და ძალიან მიყვარხარ. რამდენი სასაცილო რაღაცის გახსენება შემიძლია… გიჟი იყავი და რამდენადაც მზიანი აჭარიდან ხმები ჩემამდეც აღწევს, გიჟადვე დარჩენილხარ. თავიდანვე ამაში მდგომარეობდა შენი განსაკითრებულობა.  მომენატრე!

შედარებით ადრე გავიღვიძე. მობილური ტელეფონი მეორე ოთახში დამრჩენია, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და მაღვიძარამ მთელი ოჯახი წამოახტუნა. კიდევ ერთხელ დავგეგმე, ძილის წინ ტელეფონის მდებარეობა საგულდაგულოდ გადავამოწმო. ასეთი წინდახედულობა არასოდეს გამომდის, მაგრამ მაინც ყოველთვის ვგეგმავ ხოლმე. იდეას რა დაუდგება წინ?!

ყავის დალევა მოვასწარი. პროგრესი! სამსახურში ისევ სრიალ-სიალით წავედი. თოვლის სისქეს არ მოუმატია. როგორც ჩანს წუხელ აღარ მოუთოვია. სასიამოვნოდ მშრალი თოვლი დევს ეს ორი დღეა. მიყვარს ასეთი თოვლი.

არდადეგების მიუხედავად, ჩემი თანამშრომლები განსაკუთრებული რეჟიმით დადიან სამსახურში. მივესალმები! ზოგიერთ ჩემს თანამშრომელთან განსაკუთრებით კარგად გამოდის კოლეგიალობა. სწორედ ამ განწყობით დავასრულეთ დღეს სხდომის ოქმი და ამგვარად პირველ სემესტრს დავუსვით წერტილი. გუშინ გამზადებული წერილები, რითაც ოთხ მშობელს მათი შვილების პირველ სემესტრში შეფასების გარეშე დარჩენას ვატყბინებთ, გზას გავუყენეთ. პასუხს და რეაქციებს ხვალ ველოდებით.

ყველა საქმე მოვილიეთ, თანამშრომლების უმეტესობაც სახლში გავისტუმრეთ და საბაედისწეროდ მაშინ მოვკარი თვალი არყის ბოთლს მაგიდაზე. ხომ არ დამელოცა დღის წარმატებული დასასრული და ახალი წლის დადგომა? ჩამოვასხი და ჭიქაზე მომრახუნებელიც მაშინვე გამომიჩნდა, ბიბლიოთეკარ თინიკოს სახით. სონიას მოტანილი არაყიც ისეთივე ცხარე და თავბრუდამხვევი აღმოჩნდა, როგორიც აჯიკაა ხოლმე. მოკლედ, 2 ჭიქის შემდეგ კარგ ხასიათზე დავდექით და ასეთი განწყობით დავბრუნდი სახლში. დავიძინე.

უკვე მომწყინდა. ერთი სული მაქვს წერას როდის მოვრჩები და მოკლედ გეტყვით – დღეს ჩემი სიმთვრალის გამო გაკვეთილი გავუცდინე კერძო მოსწავლეებს. მიზეზის ახსნა მომიწევს.

ახლა გაყინული ფეხებით საწოლზე ვწევარ და ლეპტოპს ვაკაკუნებ.ცოტა ხნის წინ თავისუფლების დღიურებს გადავხედე, ვასო გულეურის ამოვარჩიე და გადავიკითხე. საოცარი ვინმეა. მონიტორი ღამის ნათურას ირეკლავს. 12 ლარი მივეცი და კარგი გამომადგა. ე.წ. ეკონომ-ნათურა ნატასთან შევიძინე ერთწლიანი გარანტიით. ამ სერვისით რომ ვისარგებლო, ნათურის კოლოფი და ინსტრუქცია (მგონი გადახდის ქვითარიც) ერთი წელი უნდა ვინახო. რა იცი, როდის გადაიწვება.

04.01.2012