მექანიკურად მივიწყებული “მექანიკური ფორთოხალი”

საერთოდ, ძალიან გულმავიწყი ვარ. ჩემი თითქმის ყველა უხერხული და სასაცილო ისტორია ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ თვისებასთან არის დაკვაშირებული.  ასეთ თავსგადამხდარ ისტორიებს ბევრჯერ მოვუბრუნდები, თუმცა ახლა ერთი აღმოჩენის შესახებ მინდა გიამბოთ. არ ვეცდები დაგაჯეროთ, როგორ გუშინდელი დღესავით მახსოვს პირველი ნაბიჯების გადადგმა. ამის შემდეგ აღარც ის არის გასაკვირი, როგორ გარკვევით ვიხსენებ პირველ დღეს სკოლაში; კესოს, რომელიც ნაზი მასწავლებლს ეხმარებოდა დედა ენის დარიგებაში; ჩემს ნაძვის ხის სათამოშოებთან დაკავშირებულ  ისტორიებს – ვინ, რა დროს და რატომ გვაჩუქა. მათი უმეტესობა დღემდე შემორჩნილი და ბავშვობისდროინდელია. მოკლედ, ბევრი ისეთი რამ მახსოვს, რაც წესით, მეხსიერების დაქვეითების შემთხვევაში, კარგა ხნის მივიწყებული უნდა მქონდეს.

რაც ზემოთ ჩამოვთვალე დიდი ხნის აღმოჩენილი მქონდა, თუმცა ახლა სხვა რაღაცამ დამაფიქრა. საერთოდ, ვერც ერთ მოვლენას, რაც ჩემს გარშემო ხდება, ვერ ან არ ვიმახსოვრებ წლების, თვეების და დღეების მიხედვით. ბავშობის დროიდან კი დროის ორიენტირად კლასს ვიყენებ. მაგალითად, როდესაც პირველად ენტონი ბერჯესის “მექანიკური ფორთოხალი” წავიკითხე მე–9 კლასში ვიყავი. რომ გამოვითვალო მე–9 კლასში რომელ წელს ვიყავი, უნდა გადავთვალო 1983 წლიდან (პირველი კლასი) მე–9 კლასამდე რამდენი წელია. არითმეტიკა და ანგარიში რომ არ მიყვარს, თავიდანვე შემეტყო და ამიტომ იოლად გეტყვით, მე–9 კლასში ვიყავი, როდესაც წაკითხვის შემდეგ “მექანიკური ფრთოხალი” ჩემს კლასელ გოგიტას ვათხოვე. სულ მეგონა გოგიტა, რომელიც ძალიან ცუდად სწავლობა, არაფერს კითხულობდა. მგონი ასეც იყო, მაგრამ მექანიკური ფორთოხალი გამტაცა ხელიდან. მართლა არ მახსოვს, სად დავდე ბოლოს ფოტოაპარატის ჩიპი, რომელსაც მე–3 დღეა ვეძებ. ტელეფონის ყურსასმენის ალი–კვალსაც ვერ მივაგენი კარგა ხანია, მაგრამ აი გოგიტას რომ “მეანიკურ ფორთოხალი” აღარ დაუბრუნებია ძალიან კარგად მახსოვს. გოგიტას მას შემდეგ ბევრი რამ გადახდა თავს. ამას აქ აღარ მოვყვები. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ გოგიტა ის გოგიტა უკვე აღარაა – მამა გიორგია და სამღვდელო საქმიანობას ეწევა. არა, გასაკვირი არც ეს არის. იცით, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, მე–9 კლასიდან მოყოლებული პერიოდულად მახსენდება ეს ამბავი და სულ მინდა, აი, დღესაც მინდა მამა გიორგისგან ჩემი წიგნი დავიბრუნო. გაგეცინებათ, მაგრამ მას შემდეგ ეს სურვილი არ მასვენებს. ზოგჯერ წარმოვიდგენ, როგორ შევდივარ მასთან, როცა სახლში არავინ არის, ვიღებ ჩემს კუთვნილ “მექნიკურ ფორთოხალს” და მომაქვს თან.

მამაო, ეს ქურდობა არ არის.

ეს ჩემთვის პირველი შემთხვევა არ არის. დაახლოვებით იმ ისტორიას გავს – გივი კარბელაშვილის “გათანგულნი” მარის რომ ვათხოვე და მარიმ ნუგოს ცოლს – თამუნას რომ  ათხოვა. ესეც ბავშვობის დროინდელი ვალი იყო, ამ რამდენიმე წლის წინ რომ ჩავისესხე.

მოკლედ, ჩემგან წიგნს თუ ითხოვებთ, ჩემი საქვეყნოდ ცნობილი “ამნეზიის” იმედი ნუ გექნებათ, რომ უკან დაბრუნება აღარ მოგიწევთ. არასოდეს დამავიწყდება, თუ რამ ჩასასეხებელი გაქვთ. გივი კარბელაშვილი და ენტონი ბერჯესი ერთხმად დამეთანხმებიან ამაში.

P.S. ფოტოზე ზუსტად იმ გამოცემის “მექანიკური ფორთოხლის”  ყდის ილუსტრაციაა, რომელიც მამა გიორგის უნებლიე ცოდვად აწევს. ოღონდ, ეს მხოლოდ მე და ღმერთს გვახსოვს.

4 thoughts on “მექანიკურად მივიწყებული “მექანიკური ფორთოხალი”

დატოვე კომენტარი