მოვალეობა

დღიურების წერაში უკვე მეხუთე დღე მიილია. არა, მხოლოდ დღიურების წერაში არა. ძილსაც ვახერხებ და სხვა პირადი თუ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებასაც. ვახერხებ – კარგი სიტყვაა. ზედგამოჭრილია საახალწლო არდადეგებისას სამუშაო განწყობაზე.

ხუთშაბათი. მთელი დღე თავში ერთი რამ მიტრიალებს, საღამოს დღიურის დაწერა. არ მომწონს, ამის კეთება თითქოს მოვალეობად რომ ვაქციე და მიუხედავად განწყობისა, მაინც რომ უნდა ვაკეთო. ზოგჯერ ამართლებს ეს თვისება, პირობის აკვიატებულად ერთგულება. მგონი ასე ავიკვიატე, ერთი კვირის ჩანაწერებს ყოველდღიურად გავაკეთებ მეთქი და ეს პირობა საკუთარ თავს ხომ აუცილებლად უნდა შევუსრულო. დღიურის შემთხვევაში ეს ძალიან გაუმართლებელი აღმოჩნდა. სათქმელი ყოველთვის არის, თუმცა, სათქმელის გადმოცემას ნამდვილად სჭირდება განწყობა.

მაღვიძარა საწოლთან დედამ დამიდო, წინა დილით შეშინებულმა, ალბათ. სამსახურში დანიშნულ დროს გამოვცხადდი და ბუღალტრის ლოდინში დიდი დროც დავკარგე. თითქმის ყველა ვირუსს ებრძვის და მაიაც. მაიას მოსვლის შემდეგ რამდენიმე ხელშეკრულება გავაფორმეთ და დღევანდელი დღის ვალიც მოვიხადეთ. ძალიან უინტერესოა სკოლა ბავშვებისა და სასკოლო ხმაურის გარეშე.

სახლში მოგვიანებიათ დავბრუნდი და დედაჩემს მის სამედიცინო გამოკვლევებზე ვუთანხმდები. ცდილობს დამალოს, თუმცა ვგრძნობ, როგორ ნერვიულობს. იმედს ვიტოვებთ, საგანგაშო არაფერია. “სანდრას კლინიკას” ხვალ შევუთანხმდებით და ჩემი გათვლებით ორშაბათიდან შევუდგებით საქმეს. მშვიდად ვართ. დედაჩემს არასდროს არაფერი დაემართება.

საშინლად მეძინება. ტელეფონი საბნის ქვეშ მოვაფარე. არ გამოვრთე. თუ ვინმე დარეკავს, ხმას მაინც ვერ გავიგებ. მართალი ვიქნები სხვებთანაც და საკუთარ სინდისთანაც.

ძალიან გავს ჩემი დღევანდელი ჩანაწერი მოვალეობის გრძნობით პირნათლად მოხდილ ვალს.

გავიღვიძე და იწყება ღამის ცხოვრება. უკვე 6 იანვარია.

05.01.2012.

9 thoughts on “მოვალეობა

  1. მეც ვწერდი ადრე დღიურს ოღონდ უფრო დეტალებში მიმოვიხილავდი ხოლმე დღის განრიგს : )) მაშინ ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა დღე რომ ჩამეწერა ბლოკნოტში : )))

    • კარგი პრაქტიკაა, თუმცა ბლოგზე არ მომეწონა დღიური 🙂 საჯაროდ მაინც ვერ ხარ ისე გულწრფელი, როგორც ფურცელზე.

      • მეც ეგ გავიფიქრე შენი დღიურის წაკითხვის შემდეგ,თუმცა არ დავკონკრეტდი :დ რთულია საჯაროდ საუბარი და განხილვა ძალიან პირადი თემების ,თუმცა აბა მკითხველს ჰკითხე? პოპულარობა და მკითხველთა გულის მოგემა მსხვერპლს მოითხოვს 😉

      • არა, რაც არ უნდა გააკეთო ბლოგის დღიური ის ნამდვილი დღიური მაინც ვერ იქნება 🙂

  2. 🙂 ნებისმიერი დღიურის წერის დროს, მაინც წარმოსახვითი მკითხვეკისთვის წერ და ქვეცნობიერად მაინც გინდა შენი ნაფიქრალი და განცდილი ვინმემ წაიკითხოს და გამოგეხმაუროს მაინც,მე ნამდვილად ველოდები ამ დღიურების გაგრძელებას.ყოველტვის საინტერესოა ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანის ნაფიქრალის წაკითხვა…ახლა დავაკვირდი,რომ ოლო კომენტარი სექტემბერშია გაკეთებული 🙂

    • ინგა, სტიმული მომეცი… აუცილებლად მოვუბრუნდები.. ზოგჯერ ისე ამიტანს ხოლმე “წერა”, მაგრამ დროოო… 😦 დიდი მადლობა!

Leave a reply to ingabagrationi Cancel reply