ერთი ვარსკვლავი ცაზე

წერილი ვირთხას, რომელიც საღამოობით რბილ ბეტონზე წევს და ცაში იყურება

***

IMG_6341ერთხელ გითხარი კიდეც, სახელებს ვერ ვიმახსოვრებ მეთქი. ეს დიდად არც მომეთხოვებოდა, სანამ 25 ბავშვიან კლასში არ შევიდოდი. პირველივე გაკვეთილზე მივხვდი, რომ ყველა მოსწავლის სახელი უნდა დამემახსოვრებინა. პირველი უსიამოვნება ჩემი პედაგოგიური საქმიანობისას. გადავწყვიტე მეხსიერებისთვის მიმეხედა. რამდენიმე ფსიქოთერაპიამ და მეხსიერების ტესტმა მეც და ჩემი ფსიქოლოგიც დაგვარწმუნა, რომ პრობლემა მეხსიერებაში სულაც არ იყო. ჩემი გონება, თურმე, ადამიანების სახელებს არ მიიჩნევს იმდენად მნიშვნელოვნად, რომ ის მეხსიერების რომელიმე უჯრაში შეინახოს. ასე შევთანხმდით ერთ-ერთი ფსიქოთერაპიის დროს და ეს კითხვაც ასე დაიხურა.

არ ვიცი, ჩემი ფსიქოლოგის დასკვნა რამდენად დამაჯერებელია შენთვის, მაგრამ იმის ასახსენლად უნდა დამეხმაროს, თუ რატომ არ ვიცი შენი ნამდვილი სახელი და მეტიც, რატომ არასოდეს მიკითხავს ეს.

შენ ხომ ვირთხა ხარ?!

ყველა ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს მე თვითონ ვარქმევ სახელს ჩემს ცხოვრებაში მათი დაბადებისთანავე. რიტუალივით არის. ეს სახელები ორიგინალურობით არ გამოირჩევიან, მაგრამ არც გავნან იგივე სახელებს. ისედაც ასე მგონია, ყველა ერთნაირი სახელი სულ სხვადასხვანაირია.

შენც ასეთი სახელი დაგარქვი, რომელიც არავის ქვია ამ ქვეყანაზე.

ეს რიტუალი ჩემთვის გამოსავალია ორი კანოონზომიერებიდან, რომელთაგან ერთს ვერასოდეს ვაღიარებ კანონზომიერებად და ვერასოდეს შევეგუები.

ჩემს მიერ დარქმეულ სახელებს დამახსოვრება არ ჭირდებათ. თითქოს სულ არსებობდნენ. უბრალოდ, ადგილი მოძებნეს და ჩასახლდნენ. ამ კანონზომიერებას არაფერს ვერჩი. დარჩეს კანონზომიერებად;

აი მეორე კანონზომიერებას რა ვუყო, არ ვიცი… გაუცხოვება, რომელიც სიკვდილის აქლემივით აუცილებლად დაიჩოქებს ადრე თუ გვიან ყველა ურთიერთობისას. ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში იბადებიან და თითქოს, რაღაც კონკრეტული მისიის შესრულებისთანავე ქრებიან.

ყველა ასეთი გაქრობა მტკივა.

ხო და, მოვიფიქრე, მათი რაღაც ნაწილები მუდმივად დავიტოვო ჩემთან. ეს ნაწილები ჩემი შერქმეული სახელებია. ისინი მუდმივად რჩებიან ჩემთან.

ამიტომ არის, რომ არც ერთი სახელი არ მეორდება. ყველას სხვადასხვა სახელს ვარქმევ. არა, ერთნაირი სახელების შემთხვევაშიც არ ამერევა, მაგრამ ისინი ყველა სხვადასხვანაირები არიან და სახელიც სხვადასხვა მომდის ხოლმე თავში.

შენც სწორედ ასეთი სახელი დაგარქვი.

რბილ ბეტონზე წოლისას ადგილებისადმი გაუცხოვებაზეც გელაპარაკე და ცაში ვარსკვლავების თვალიერება სწორედ მაშინ დავიწყეთ. გახსოვს? არც ეს მომხდარა შემთხვევით.

სურამში ჩემი სახლის ეზოს თავზე ადგას რკალისებური ფორმის (უფრო ნამგალს გავს, ტარი აქვს) ვარსკვლავების წყობა. როცა გაუცხოვება მემართება და სივრცეში ვიკარგები, გამოვდივარ და იმ ნამგალს ვეძებ. ეს ნამგალია, რომელიც მაბრუნებს “სახლში”. ზოგჯერ ვპოულობ მას, ზოგჯერ ვერა..

ჩვენ რომ ცაში ავიხედეთ, ნამგალი არ ჩანდა. სამაგიეროდ, ვარსკვალვებისგან დაცლილ ცაზე ერთი, მარტოსული, ყველაზე ანთებული ვარსკვლავი აღმოვაჩინეთ. მას შემდეგ ყოველ დღე ვაკვირდები ცას. აი, აქაც, რბილი ბეტონიდან ასეული კილომეტრით შორს და ის ვარკსვლავი ყველგანაა. ხან ვარსკვლავებში ჩაფლული, ხან მარტო მდგარი, მაგრამ სულ არის.

ერთი, მარტოსული, ყველაზე ანთებული ვარსკვლავი ყველა ცაზე მოიძებნება, რომელიც ყოველთვის გამახსენებს რბილ ბეტონზე აღმოჩენილ იმ ვარკსვლავს.

არც მე ვიცი რას უნდა ველოდო. არც ის ვიცი, რა სახელი დავარქვა.. უბრალოდ ვისრულებ ოცნებებს:

გწერ წერილს

ვუყურებ ცას

გიყვები ჩემთვის ძვირფას ამბებს

ვუსმენ შენ სიჩუმეს

ვხატავთ ღუბლებით

ახლა გავჩუმდები და ჩავიძინებ.

როცა მოგწყინდება, გამაღვიძე, თორემ აქ როცა ვარ, ვერ ვიგებ დრო როგორ გადის..

კატა

16.08.2017

იზმირი (ქუჩუკუიუ)

დატოვე კომენტარი