არასოდეს დაუმალოთ ბავშვებს სიმართლე

ადრეული ბავშვობიდან თითქმის ყველას კარგად ახსოვს, რაოდენ დიდი იყო წეროებისა და კომბოსტოს მიერ შეტანილი წვლილი კაცობრიობის გამრავლებაში. მეც ის ბავშვი ვარ, წერომ ნისკარტით რომ მიმაბარა დედაჩემს (გამიმართლა, კომბოსტოს ცივ ფოთლებში გახვეული რომ არ მიპოვეს) და თან დაუბარა, კარგად ისწავლოს, თორემ უკან წავიყვანო. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან ბევრს მოგისმენიათ თქვენი უფროსებისაგან მსგავსი პასუხები კითხვაზე – როგორ გავჩნდი? – მაშინ, როდესაც პირველად აღმოაჩინეთ, რომ ყველაფერს რადგან დასასრული აქვს, ესე იგი, ჩვენც საიდანღაც უნდა ვიწყებოდეთ.

ყველაზე უფრო გულუბრყვილო ბავშვიც კი არ დაიჯერებდა წეროებისა და კომბოსტოს ასე დრმატულად შეთხზულ ისტორიას, თუმცა, ერთს კი ყველა ზედმიწევნით ხვდებოდა – მსგავსი კითხვები არ უნდა გაეგრძელებინა და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, აღარც კი გასჩენოდა.
ჩემებს ყოველთვის კარგად ესმოდათ, რომ ასე იოლი არ იყო ჩემი ცნობისმოყვარეობის დაოკება და მითუმეტეს მოტყუება, თუმცა, როგორც ცხონებული ბაბუაჩემი იტყოდა, მაინც თავისას აჭენებდნენ. სწორედ ასეთმა ცნობისმოყვარეობამ გადამყარა ერთ უჩვეულო შემთხვევას, რასაც ხშირად ვიხსენებ ხოლმე, თუმცა ამის დაწერა ახლა გადავწყვიტე.
ეს მაშინ ხდება, როცა მოვრჩი იმაზე ფიქრს, თუ რატომ ებერებოდა ქალს მუცელი და ჩნდებოდა ბავშვი მაინც და მაინც ქორწილის შემდეგ; ჩემი ამქვეყნად მოვლინების შესახებ გამოგონილი ისტორიების ჭეშმარიტებაზეც უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული და სწორედ ამ დროს, ჩემდა საბედისწეროდ ყური მოვკარი ჩემთვის აქამდე გაუგონარ სიტყვას.
ბებიაჩემი მკერავი ქალი იყო და მოგეხსენებათ, მომსვლელი არ გველეოდა. მის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ხშირად მიწევდა, რადგან დედა დღის განმავლობაში სამსახურში იყო. ასე ვატარებდი დღის გარკვეულ ნაწილს ბებიასთან და მის კლიენტურასთან ერთად. ჭრა-კერვის პროცესში, ისე, რომ საქმესაც არ აკლდებოდა გულმოდგინება, სალაპარაკო არ ილეოდა. რას არ მოკრავდი ყურს, რა თემა არ იშლებოდა აქ, მათ შორის ტაბუდადებულიც.
ერთხელ, ბებიის მეგობარი ქალი იკერავდა კაბას და როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, უსაქმოდ ხშირად უწევდა მოცდა მორიგ „პრიმერკამდე“, თუ ზომების დაზუსტებამდე. სწორედ ერთ-ერთ ამ შუალედში საუბრისას, არ ვიცი, რამ მოიტანა და ყური მოვკარი სიტყვას, რომელიც აქამდე არასოდეს გამეგო – „აბორტი“. კონტექსტს და სტატისტიკას, რასაც მაშინ ქალები ითვლიდნენ შეგნებულად აღარ დავაკონკრეტებ, ამას არც აქვს ახლა მნიშვნელობა, თუმცა მთელი სიზუსტით დღემდე მახსოვს.
– ბებო, რა არის აბორტი? – ისეთი მოკრძალებული და დაბალი ხმით ვიკითხე, რომ ნამდვილად არ მოველოდი, ჩემი კითხვა ასეთ გაოცებას თუ გამოიწვევდა. ქალებმა ერთმანეთს ჩუმად გადახედეს, თითქოს ერთმანეთის თვალებში ეძებდნენ პასუხს. ალბათ, იმასაც არ მოელოდნენ, თამაშში გართული მათ საუბარსაც თუ ვადევნებდი ყურს. კითხვა კიდევ ერთხელ გავიმეორე, ამჯერად უფრო ჯიუტად და ხმაც გავაძლიერე:
– არ მეტყვი, რა არის აბორტი?
– აბორტი რა არის, ბებო და… – ცოტა ხნის შეყოვნების შემდეგ ბებომ განაგძო განმარტება – კუჭის ოპერაცია.
ამას მოჰყვა ქალების ღიმილნარევი მზერა. საუბარიც მაშინვე უხერხულად შეწყდა აღნიშნულ თემაზე და უკვე რთული გამოსაცნობი არ იყო, რომ რაღაცას მიმალავდნენ. დიახ, მომატყუეს და ეს მაშინვე ვიგრძენი, თორემ აბა ასე ღიმილიანი თვალებით საუბარი არ გამიგია სხვა შემთხვევაში. მაშინვე ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ თითქოს რაღაც დავაშავე.
ჩვენს მეზობლად ერთი ხანშიშესული ქალი, მანია ცხოვრობდა, რომელიც უკვე საწოლს იყო მიჯაჭვული და გასათხოვარი, ერთად-ერთი ქალიშვილის ამარა იყო დარჩენილი. მანია ბებოს, როგორც სჩანს, ბავშვის აღზრდისა მეტი გაეგებოდა, ვიდრე ბებიაჩემს. ერთხელ ჩემი თანდასწრებით აქვს ნათქვამი, რომ ბავშვს არასოდეს არ უნდა მოატყუო და ყველაფერზე სიმართლე უნდა უთხრაო.
ხო და, საჭირო დროს გამახსენდა მანია ბებოს ეს ნათქვამი. დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ის იქნებოდა, ვინც არ მომატყუებდა და სწორად განმიმარტავდა იმ უცხო სიტყვის მნიშვნელობას, რაც ბებიაჩემმა და მისმა მეგობარმა საგულდაგულოდ დამიმალეს.
ვეცადე დრო სწორად შემერჩია მანია ბებოსთან სასუბროდ. მაშინ ვესტუმრე, როცა მისი ქალიშვილი, როგორც წესი, სამსახურში იყო და გვერდით სკამზე მოვუკალათდი.
– მანია ბებო, რა არის აბორტი? – ყოველგვარი შესავლის გარეშე პირდაპირ თემაზე გადავედი და მოლოდინმაც არ გადააჭარბა – გეგმამ წარმატებით იმუშავა. ახლაც სიტყვა-სიტყვით მახსოვს მისი მშვიდი და სრულიად აუღელვებელი პასუხი.
– აბორტი, ბებო, არის საშვილონოს ამოფხეკა. – ასე მოკლედ და ზედმეტი განმარტებების გარეშე მიპასუხა მოხუცმა.
ამ ისტორიას პირველად ვწერ, თუმცა ხშირად ვყვები ხოლმე. იცით რა არის ამ ამბავში ჩემთვის ყველაზე საინტერესო? არც საშვილოსნოსი და მითუმეტეს მისი ამოფხეკის მაშინ არაფერი გამეგო. საბოლოოდ ვერც სწორმა განმარტებამ მითხრა ისეთი, რაც ამ სიტყვის მნიშვნელობას ჩემთვის უფრო ნათელს გახდიდა. მხოლოდ ერთს მივხვდი ზუსტად და სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ კითხვას აღარ მივბრუნებოდი – არ მომატყუეს, არ დამიმალეს სიმართლე.
მანია ბებომ საქმე ნამდვილად გამიიოლა. ვინ უწყის კიდევ ვისთან მივსულიყავი, რა წიგნი გადამეშალა, რა პასუხები მიმეღო, ან თუნდაც უპასუხოდ დარჩენილი კითხვისათვის თავად რა სახელი დამერქმია. ამ ძიებაში ვინ იცის კიდევ რას წავაწყდებოდი – ილუსტრაცია, ფოტო, იმ ასაკისათვის გაუგებარი სიტყვები, განმარტებები და თავსატეხიც როგორ გამიმრავლდებოდა. ამას მიუმატეთ დღეს უკვე ასე განვითარებული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც მაშინ არ არსებობდა და დღეს უკვე ამ ინფორმაციის მორევში მოქექიალე ბავშვი, რომელიც კითხვაზე პასუხს ეძებს. აღარაფერს ვამბობ იმ შფოთზე, ემოციებზე, რაც ყოველივე ამას შეიძლება მოჰყოლოდა.
მე ნამდვილად გამიმართლა მანია ბებოს წყალობით.
არასოდეს დაუმალოთ ბავშვებს სიმართლე!

Advertisements

მექანიკურად მივიწყებული “მექანიკური ფორთოხალი”

საერთოდ, ძალიან გულმავიწყი ვარ. ჩემი თითქმის ყველა უხერხული და სასაცილო ისტორია ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ თვისებასთან არის დაკვაშირებული.  ასეთ თავსგადამხდარ ისტორიებს ბევრჯერ მოვუბრუნდები, თუმცა ახლა ერთი აღმოჩენის შესახებ მინდა გიამბოთ. არ ვეცდები დაგაჯეროთ, როგორ გუშინდელი დღესავით მახსოვს პირველი ნაბიჯების გადადგმა. ამის შემდეგ აღარც ის არის გასაკვირი, როგორ გარკვევით ვიხსენებ პირველ დღეს სკოლაში; კესოს, რომელიც ნაზი მასწავლებლს ეხმარებოდა დედა ენის დარიგებაში; ჩემს ნაძვის ხის სათამოშოებთან დაკავშირებულ  ისტორიებს – ვინ, რა დროს და რატომ გვაჩუქა. მათი უმეტესობა დღემდე შემორჩნილი და ბავშვობისდროინდელია. მოკლედ, ბევრი ისეთი რამ მახსოვს, რაც წესით, მეხსიერების დაქვეითების შემთხვევაში, კარგა ხნის მივიწყებული უნდა მქონდეს.

რაც ზემოთ ჩამოვთვალე დიდი ხნის აღმოჩენილი მქონდა, თუმცა ახლა სხვა რაღაცამ დამაფიქრა. საერთოდ, ვერც ერთ მოვლენას, რაც ჩემს გარშემო ხდება, ვერ ან არ ვიმახსოვრებ წლების, თვეების და დღეების მიხედვით. ბავშობის დროიდან კი დროის ორიენტირად კლასს ვიყენებ. მაგალითად, როდესაც პირველად ენტონი ბერჯესის “მექანიკური ფორთოხალი” წავიკითხე მე–9 კლასში ვიყავი. რომ გამოვითვალო მე–9 კლასში რომელ წელს ვიყავი, უნდა გადავთვალო 1983 წლიდან (პირველი კლასი) მე–9 კლასამდე რამდენი წელია. არითმეტიკა და ანგარიში რომ არ მიყვარს, თავიდანვე შემეტყო და ამიტომ იოლად გეტყვით, მე–9 კლასში ვიყავი, როდესაც წაკითხვის შემდეგ “მექანიკური ფრთოხალი” ჩემს კლასელ გოგიტას ვათხოვე. სულ მეგონა გოგიტა, რომელიც ძალიან ცუდად სწავლობა, არაფერს კითხულობდა. მგონი ასეც იყო, მაგრამ მექანიკური ფორთოხალი გამტაცა ხელიდან. მართლა არ მახსოვს, სად დავდე ბოლოს ფოტოაპარატის ჩიპი, რომელსაც მე–3 დღეა ვეძებ. ტელეფონის ყურსასმენის ალი–კვალსაც ვერ მივაგენი კარგა ხანია, მაგრამ აი გოგიტას რომ “მეანიკურ ფორთოხალი” აღარ დაუბრუნებია ძალიან კარგად მახსოვს. გოგიტას მას შემდეგ ბევრი რამ გადახდა თავს. ამას აქ აღარ მოვყვები. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ გოგიტა ის გოგიტა უკვე აღარაა – მამა გიორგია და სამღვდელო საქმიანობას ეწევა. არა, გასაკვირი არც ეს არის. იცით, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, მე–9 კლასიდან მოყოლებული პერიოდულად მახსენდება ეს ამბავი და სულ მინდა, აი, დღესაც მინდა მამა გიორგისგან ჩემი წიგნი დავიბრუნო. გაგეცინებათ, მაგრამ მას შემდეგ ეს სურვილი არ მასვენებს. ზოგჯერ წარმოვიდგენ, როგორ შევდივარ მასთან, როცა სახლში არავინ არის, ვიღებ ჩემს კუთვნილ “მექნიკურ ფორთოხალს” და მომაქვს თან.

მამაო, ეს ქურდობა არ არის.

ეს ჩემთვის პირველი შემთხვევა არ არის. დაახლოვებით იმ ისტორიას გავს – გივი კარბელაშვილის “გათანგულნი” მარის რომ ვათხოვე და მარიმ ნუგოს ცოლს – თამუნას რომ  ათხოვა. ესეც ბავშვობის დროინდელი ვალი იყო, ამ რამდენიმე წლის წინ რომ ჩავისესხე.

მოკლედ, ჩემგან წიგნს თუ ითხოვებთ, ჩემი საქვეყნოდ ცნობილი “ამნეზიის” იმედი ნუ გექნებათ, რომ უკან დაბრუნება აღარ მოგიწევთ. არასოდეს დამავიწყდება, თუ რამ ჩასასეხებელი გაქვთ. გივი კარბელაშვილი და ენტონი ბერჯესი ერთხმად დამეთანხმებიან ამაში.

P.S. ფოტოზე ზუსტად იმ გამოცემის “მექანიკური ფორთოხლის”  ყდის ილუსტრაციაა, რომელიც მამა გიორგის უნებლიე ცოდვად აწევს. ოღონდ, ეს მხოლოდ მე და ღმერთს გვახსოვს.