არაყი

პირველი დღის ჩანაწერში მითქვამს – არ ვიცი, დღიურს რატომ ვწერ მეთქი. ამ კითხვაზე მაშინ პასუხი არ მქონდა და მიხარია, ამის გამო წერა რომ არ გადავიფიქრე. შეიძლება ეს პასუხგაუცემლობაც იყო სიჯიუტის მიზეზი. საინტერესოა, როცა საკუთარ ცხოვრებას აკვირდები. თუნდაც ისეთს, ერთი შეხედვით მოტორულად რომ მეორდება და ერთმანეთს გავს – გავიღვიძე, წავედი სამსახურში, მოვედი, ლეპტოპი ჩავრთე, ჩამეძინა… ასეა ერთი შეხედვით, თორემ თუ უფრო კარგად დაფიქრდები, გუშინდელისაგან განსხვავებით რა დაწერო, სათქმელსაც მოძებნი. სათქმელი რომ მოძებნო, ამ ერთი შეხედვით მოტორულად განმეორებად დღეებს სხვა და სხვა კუთხიდან უნდა შეხედო. საკმარისია შენს ცხოვრებას, რომელიც დღეებისაგან, ადამინებისაგან შედგება, განსხვავებული კუთხეები მოუძებნო, რომ მაშინვე აღმომჩენი ხარ. ამ პროცესით გამოწვეული სიამოვნება დღეს პირველად ვიგრძენი და უკვე ვიცი, რატომ ვწერ დღიურებს.

დღეს ოთხშაბათია. 4 იანვარი. პატრიარქის, ლექსოს და მარის დაბადების დღე. ლექსო ჩემი ნათესავია, რომლის დაბადების დღეც ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნებოდა. საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ დაბადების დღეებს. ის რომ ლექსოს დაბადების დღე მახსოვს, სწორედ ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნების ბრალი უფროა, ვიდრე ჩემი ყურადღებიანი და მოწესრიგებულილ მეხსირების. პატრიარქის და მარის დაბადების დღე კი იმიტომ მახსოვს, რომ ის ლექსოსას ემთხვევა. როგორც ჩანს, ჩემი მეხსირებისთვის იერაქიებს და პრიორიტეტებს ნაკლები მნიშვნელობა აქვთ.

გილოცავ, ლექსო, დაბადენის დღეს! მიუხედავად იმისა, რომ ვერც ხმას მოგაწვდენ და ისიც ვიცი, რომ არასოდეს დაიწყებ ჩემი დღიურების კითხვას, მაინც გილოცავ. ბავშვობიდან მოყოლებული გაცხოველებულ კონკურენციასა და შენს ჩხუბის თავობაზე დღეს უკვე ძალიან მეცინება და ძალიან მიყვარხარ. რამდენი სასაცილო რაღაცის გახსენება შემიძლია… გიჟი იყავი და რამდენადაც მზიანი აჭარიდან ხმები ჩემამდეც აღწევს, გიჟადვე დარჩენილხარ. თავიდანვე ამაში მდგომარეობდა შენი განსაკითრებულობა.  მომენატრე!

შედარებით ადრე გავიღვიძე. მობილური ტელეფონი მეორე ოთახში დამრჩენია, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და მაღვიძარამ მთელი ოჯახი წამოახტუნა. კიდევ ერთხელ დავგეგმე, ძილის წინ ტელეფონის მდებარეობა საგულდაგულოდ გადავამოწმო. ასეთი წინდახედულობა არასოდეს გამომდის, მაგრამ მაინც ყოველთვის ვგეგმავ ხოლმე. იდეას რა დაუდგება წინ?!

ყავის დალევა მოვასწარი. პროგრესი! სამსახურში ისევ სრიალ-სიალით წავედი. თოვლის სისქეს არ მოუმატია. როგორც ჩანს წუხელ აღარ მოუთოვია. სასიამოვნოდ მშრალი თოვლი დევს ეს ორი დღეა. მიყვარს ასეთი თოვლი.

არდადეგების მიუხედავად, ჩემი თანამშრომლები განსაკუთრებული რეჟიმით დადიან სამსახურში. მივესალმები! ზოგიერთ ჩემს თანამშრომელთან განსაკუთრებით კარგად გამოდის კოლეგიალობა. სწორედ ამ განწყობით დავასრულეთ დღეს სხდომის ოქმი და ამგვარად პირველ სემესტრს დავუსვით წერტილი. გუშინ გამზადებული წერილები, რითაც ოთხ მშობელს მათი შვილების პირველ სემესტრში შეფასების გარეშე დარჩენას ვატყბინებთ, გზას გავუყენეთ. პასუხს და რეაქციებს ხვალ ველოდებით.

ყველა საქმე მოვილიეთ, თანამშრომლების უმეტესობაც სახლში გავისტუმრეთ და საბაედისწეროდ მაშინ მოვკარი თვალი არყის ბოთლს მაგიდაზე. ხომ არ დამელოცა დღის წარმატებული დასასრული და ახალი წლის დადგომა? ჩამოვასხი და ჭიქაზე მომრახუნებელიც მაშინვე გამომიჩნდა, ბიბლიოთეკარ თინიკოს სახით. სონიას მოტანილი არაყიც ისეთივე ცხარე და თავბრუდამხვევი აღმოჩნდა, როგორიც აჯიკაა ხოლმე. მოკლედ, 2 ჭიქის შემდეგ კარგ ხასიათზე დავდექით და ასეთი განწყობით დავბრუნდი სახლში. დავიძინე.

უკვე მომწყინდა. ერთი სული მაქვს წერას როდის მოვრჩები და მოკლედ გეტყვით – დღეს ჩემი სიმთვრალის გამო გაკვეთილი გავუცდინე კერძო მოსწავლეებს. მიზეზის ახსნა მომიწევს.

ახლა გაყინული ფეხებით საწოლზე ვწევარ და ლეპტოპს ვაკაკუნებ.ცოტა ხნის წინ თავისუფლების დღიურებს გადავხედე, ვასო გულეურის ამოვარჩიე და გადავიკითხე. საოცარი ვინმეა. მონიტორი ღამის ნათურას ირეკლავს. 12 ლარი მივეცი და კარგი გამომადგა. ე.წ. ეკონომ-ნათურა ნატასთან შევიძინე ერთწლიანი გარანტიით. ამ სერვისით რომ ვისარგებლო, ნათურის კოლოფი და ინსტრუქცია (მგონი გადახდის ქვითარიც) ერთი წელი უნდა ვინახო. რა იცი, როდის გადაიწვება.

04.01.2012

Advertisements

თოვლი

დღე მეორე. ადრე ვერ გავიღვიძე. გუშინ განსაკუთრებით დიდი დრო  დავუთმე პირველი დღის ჩანაწერს.  დღეს იმ შემართებიდან ნახევარიღა შემომრჩა. საათს დავხედე და მივხვდი, რომ საუზმის გარეშე მომიწევდა სამსახურში გაქცევა. გარეთ სასიამოვნოდ თოვს. ეზო პირველმა გავკვალე და სრიალ-სრიალით მივედი სამსახურში.

თოვა ყოველთვის ბავშვობას, პალტოს მკლავებში რეზინით გაყრილ ორთათიან ხელთათმანს, ცხვირზე აფარებულ შარფს და მისაყუდებლიან საბავშვო მარხილს მაგონებს. დღეს რამდენჯერაც ფანჯრიდან გავიხედე, იმდენჯერ გამახსენდა, როგორ გვაჯენდა დედა მაგიდაზე  და  გვკოჭავდა ხელთათმანებსა და უამრავ თბილ ტანსაცმელში. შემდეგ მარხილზე დამაჯენდა, იგივე სიმძიმით შემოსილ ჩემს ძმას წინ მომიჯენდა და ჩემს ბიძაშვილს ასე გვაბარებდა.  მეტი სიფრთხილისათვის ქამრით აუცილებლად უნდა დავემაგრებინეთ მარხილზე. მოსახვევებში მაინც ვყირავდებოდით.

არასოდეს ვოცნებობ ბავშვობის დაბრუნებაზე. თუ ვინმე ბავშვობაში დამაბრუნებდა, ალბათ, სხვანაირ ბავშვობას ვინატრებდი. ამიტომ ჩემი დღევანდელი ასოციაციები ბავშვობის ნოსტალგიებს სულაც არ ნიშნავს. უბრალოდ, თოვლის სიხარული სწორედ ბავშვობიდან მომყვება და ამ პერიოდს ხშირად მახსენებს.

სამსახურში მაგიდაზე დახვავებული ტკბილეული დამხვდა, მაგრამ ჩემი მიტანილი შოკოლადი განსაკუთრებით გემრიელი აღმოჩნდა. ყველა მაშინვე ალაპარაკდა მის გემოსა თუ წარმომავლობაზე. მუშაობის განწყობა არავის ქონდა. სამაგიეროდ, საახალწლო სამზადისისა და სამარხვო სამზარეულოს თემებმა  აქტიურად იტრიალა. რამდენიმე წერილი გავამზადე გასაგზავნად და ღუმელთან შეგროვილი მასწავლებლების თემებს დავუბრუნდი – ადგილი, სადაც ყველა ნიუსი შუქდება და სადაც ყოველთვის მოვლენების ეპოცენტრში ხარ. რამდენიმე საათში, არაერთი საქმიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ სახლში დავბრუნდი. ცოტა ხნით დავიძინე.

ბათუმელების მოკლეხნიანმა ვიზიტმა ისეთი ხმაური შემოიტანა ჩვენთან, იფიქრებდით დიდი ქორწილის მაყრიონი დაგვეცა თავზე. სტანდარტული მილოცვებისა და ტკბილეულით გამასპინძლების შემდეგ გავისტუმრეთ. ჩქარობდნენ. მოყინული გზების გამო გორის უღელტეხილი დაღამებამდე უნდა გადაევლოთ.

მოსაღამოვდა და ასე  მიილია ერთი ჩვეულებრივი დღე. გარეთ ისევ თოვს.

ბედობა

სულ სამჯერ დავიწყე დღიურის წერა. სამივეჯერ სხვა და სხვა მიზეზი მქონდა, მაგრამ არც ერთხელ არ მესმოდა ამის გადაუდებელი აუცილებლობა. კარგად მესმის ანა ფრანკის დღიურების მნიშვნელობა. არც ის მიკვირს, როცა თავისუფლების დღიურებს ვინმე კითხულობს. მეც დიდი სიამოვნებით გადამიკითხავს არაერთი ცნობილი მოღვაწის კვირის ცხოვრება, მაგრამ ვინ შეიძლება იყოს ჩემი დღიურების მკითხველი, ან საერთოდ რატომ უნდა იყოს ვინმე, ეს მართლა არ მესმის. სტანდარტული დღიურების შემთხვევაში – რა დროს გავიღვიძე, ამინდის მიმოხილვა, ამის შესაბამისად განწყობის აღწერა, ვიზიტები და ა.შ. ნამდვილად არ მგონია ჩემს ბლოგზე მკითხველის ბურიაყს დააყენებს, მაგრამ  დღიურების წერას მაინც დავიწყებ. არც ახლა ვიცი რატომ, მაგრამ ამას კიდევ ერთხელ შევეცდები. ასე რომ, შემთხვევით ჩემს დღიურებში მოხვედრილო ბლოგერო თუ არაბლოგერო, თავს დამნაშავედ ნამდვილად ნუ ჩათვლი, თუ ყოველგვარი ინტერესის გარეშე ეს გვერდი გახსნისთანავე დახურე. შეიძლება თქვენს ადგილზე მეც ასე მოვქცეულიყავი. ამიტომ  “ბოდიში-არაფერს” თავიდანვე გამოვრიცხოთ.

დღეს ორშაბათია. 2 იანვარი. ბედობა დღე. მთელი დღის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ოთხშაბათი იყო და ფეხს ვითრევდი, დღიურების წერა შუა კვირიდან დამეწყო. საქმის წამოწყებისას ჩემთვის დამახასიათებელი ენთუზიაზმისა და სისტემატიურობის ამბავი რომ ვიცი, მინდოდა წერას ორშაბათიდან შევდგომოდი და შესაბამისად მთელი კვირის ყოველდღიური ჩანაწერები გამეკეთებინა, რადგან ზუსტად ვიცი, მომდევნო კვირიდან ამას არც ასეთი მონდომებით და არც ყოველდღიურად აღარ გავაკეთებ.

იმაში გამიმართლა, რომ დღეს ორშაბათი ყოფილა და დღიურების წერის სურვილი მომავალი ორშაბათის მოლოდინში არ გამიქრება, მაგრამ ახალი წელი, ბლოგზე ჩემი დღიურის პირველი დღე და წელიწადის პირველი თვე ასე დაბნეულად დაიწყო. ანუ ხალხური გადმოცემების მორწმუნეთ თუ დავუჯერებ, დაბენულობა დავიბედე. არ მჯერა მსგავსი თქმულებების. ყველა ისედაც დაბნეულ ადამიანად მთვლის, რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები კიდეც (ბოლომდე არ ვტყდები). დაბნეული ვარ ორშაბათსაც, სამშაბათსაც… გაზაფხულზეც… გუშინაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ბედობა დღესაც.  უკვე აღარც კი მჯერა, რომ ოდესმე რამე ეშველება ამ ჩემს თვისებას და რატომ უნდა დავაბრალო მომავალი ჩემი დაბნელობები ერთ, ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივ, დღეს? ამიტომ არ ვარ ცრუმორწმუნე.

გავიღვიძე თუ არა ლეპტოპი ჩავრთე და თვალი გადავავლე სიახლეებს ფეისბუქზე. არაფერი ახალი – უიმედო და სასოწარკვეთილი სტატუსები.  მათ ჩამონათვალს თანმიმდევრობით თუ მიჰყვები, იმედის ბოლო ნაპერწკალიც კი გაგიქრება.

ყავა მოვიდუღე სასწრაფოდ და ისევ საწოლზე მოვკალათდი. დილიდანვე დავიწყე ჩემი ბლოგის დიზაინზე ფიქრი. რას ვიფიქრებდი, ამას მთელ  დღეს თუ შევალევდი. ძალიან ბევრი წვალების, სხვა და სხვა ფოტოებისა თუ ტექსტურების მოსინჯვის შემდეგ მივაგენი ჩემთვის მოსაწონ ფორმას. ფონი ფოტოშოპში რამდენიმე ფოტოს დეტალისაგან ავაწყე. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ დიზაინს სიმყუდროვის განწყობა უნდა შეექმნა – შემოხვედი ჩემთან, პიჯაკი  და ქოლგა საკიდზე ჩამოკიდე, სინათლე აანთე და საათის წიკ-წიკის ფონზე ჩემი ჩანაწერების კითხვას შეუდექი. ეს ჩავიფიქრე და რა გამომივიდა თავად ნახეთ!

მთელი დღე სტუმრიანობა გვქონდა. ყველაზე დიდ ხანს კუკური და ლეილა დარჩნენ ჩვენთან. ხომ სასაცილო სახელია “კუკური”? ყველას ეცინება. წარმოიდგინეთ კუკურის დაბადებისთანავე გადაწყდა, რომ მის გამოჩენასა თუ ხსენებაზე ყველას უნდა გასცინებოდა. ნეტა რას ფიქრობს ამაზე თვითონ? ჰმ..

დღევანდელი სტუმრების კონტიგენტსა და ასაკს  თუ გადავხედავთ, მათი მასპინძლობა დღეს მე ნაკლებად შემეხო. ამდენად, როგორც დასვენების დღეების დაწყებამდე დავდე პირობა, რომ ახალი წლის დღეებში დავისვენებდი და საწოლში გავატარებდი, ასეც მოვიქეცი. კუკურის არ შეუშლია ჩემთვის ხელი.

მთელი დღე კომპიუტერთან წამოწოლილმა გავატარე. ესეც დავიბედე და კიდევ ერთხელ არ მჯერა – ხვალიდან სამსახურში გავდივარ და საწოლში აღარავინ გამაჩერებს.

02.01.2012.

ჯეჯილი

 წელს გაგვიმართლა და ულამაზესი ჯეჯილი გვქონდა. ხან დაგვიანებული თესვის გამო თავწამოყინჩულ მარცვალს ვახვედრებდით აღდგომას და ხანაც “თივას” ვიღებდით იმედგაცრულებულები. პირველი მცდელობიდან ამ შედეგამდე (დედაჩემის არითმეტიკით) 4 წელი გასულა. წელს, როგორც იქნა, დავამთხვიეთ და ასეთი ჯეჯილი დავახვედრეთ ქრისტეს აღდგომას. ძალიან მომწონს. ♥

სარა მუნის მისტიური ბნელი ყუთი

“მოდის ფოტოგრაფია დღეისათვის კოდირებული გახდა. თანამედროვე ფოტოგრაფისათვის რთული გახდა გაემიჯნოს დაკვეთას, რაც გლამურულ და სექსი–ფოტოებში მდგომარეობს. თავდაპირველად კი ფოტოგრაფებს, მხედველობაში მყავას  ლილიან ბასმენი, ირვინგ პენი თუ გაი ბორდინი, მეტი თავისუფლება და წარმოსახვის შესაძლებლობები ჰქონდათ. ადამიანები სამოსს ყიდულობდნენ იმისათვის, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოეხდინათ კონკრეტულ იდეასთან და არა ბარბის თოჯინებთან.” ეს სიტყვები მოდის ფოტოგრაფს სარა მუნს ეკუთვნის, რომლის ფოტოებმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

სარა მუნის ფოტოების დათვალიერებამდე, სულ სხვა წარმოდგენები მქონდა მოდის ფოტოგრაფიაზე. მოდა ხომ პროდუქტის რეკლამირებას გულისხმობს და ის პროპაგანდის ერთ-ერთი ხერხი უნდა იყოს. ეს არის კარნახი რა ჩავიცვა, რა დავიხური იმისათვის, რომ  მიმზიდველი ვიყო და ეს მიმზიდველობა ახლოს იყოს არსებული მოდის სტანდარტებთან. მე ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში. შესაბამისად, მოდის ფოტოგრაფია სწორედ იგივეს უნდა ემსახურებოდეს – მოდის პროდუქტი მიმზიდველი გახადოს მომხმარებლისათვის. შესაბამისად ვფიქრობდი, რომ  მოდის ფოტოგრაფია მიმზიდველი მაშინ არის, თუ ის გლამურულია, გაწმენდილია, მკვეთრად და ნათლად  გამოსახულია და რაც მთავარია სექსუალურია. ეს უკანასკნელი ხომ ყველაზე მეტად ჭრის თვალს. ალბათ, ასეც არის და ახლა იმას ნამდვილად არ ვამტკიცებ, რომ გამოხატვის ეს ხერხები არასწორია. უბრალოდ, თუ სარა მუნის ე.წ. ფეშენ ფოტოებს ნახავთ დამეთანხმებით იმაში, რომ ის მიზნები, რისთვისაც მოდის ფოტოები იქმნება, სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი ხერხების გარდა, იმის გარდა, რაც თანამედროვე ფოტოგრაფიაში აღიარებულია, არსებობს რადიკალურად განსხვავებული სტილიც.

პირველ რიგში, რითაც სარა მუნის ფოტოებმა მიმიზიდა იყო საოცარი ესთეტიურობითა და მუქი კონტრასტებით გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი, მიუხედავად მათი მელანქოლიურობისა და ბნელი შუქ–ჩრდილებისა.   თანამედროვე მოდის ფოტოგრაფიისაგან განსხვავებით, სარას ფოტოებში მოდელის გარეგნულ მონაცემებზე ნაკლები აქცენტია გაკეთებული. მიმაჩნია, რომ ფოტოგრაფიაში ასეთი ხერხებით გადმოსცე მოდა და ქმნიდე ესთეტიურობისა და სილამაზის შთაბეჭდილებას ძალიან რთულია. სარა მუნის პორტრეტების დათვალიერებისას ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს დრო გაჩერებულია. მისი მოდელების სახისმეტყველება, მანერა, მზერა იმდენად ღრმა და მისტიურია, რომ ჩემი აზრით, დროის და სივრცის ფარგელბში ვეღარ თავსდება.  ასევე საინტერესოდ მიმაჩნია მისი ფერადი ფოტოები. სარას ფერადი ფოტოგრაფია არ გამოირჩვა ბევრი ფერით, თუმცა ერთი შეხედვით მრავალფეროვნების შთაბეჭდილებას ქმნის. ყველა ფერად ფოტოს ერთი რამ აერთიანებს – სადა ფონზე მოთამაშე ერთი მკვეთრად გამოკვეთილი რომელიმე ფერი. ხშირად შემხვდა შავ ფონზე ამოსული მკვეთრი წითელი, რაც ძალიან ეფექტურს და მიმზიდველს ხდის ფოტოს.

საოცარია ისიც, რომ დაახლოვებით 70-იან წლებში შექმნილი ფოტოები დღესაც, ციფრული ფოტოგრაფიის აყვავების ხანაში, მაშინ როდესაც მოდა და რეკლამა აჭრელებულია ფერებით და წინა პლანზეა წამოწეული გამოსახულების ხარისხი და თვალში საცემი გარეგნული ეფექტები, არ მეჩვენება, რომ სარა მუნის ფოტოგრაფია ნაკლებად საინტერესო, მოძველებული და დრომოჭმული იყოს. ვფიქრობ, რომ ის დღესაც აქტუალური და საოცრად მიმზიდველია.

This slideshow requires JavaScript.

ბიოგრაფია: სარა მუნი 1941 წელს საფრანგეთში დაიბადა. ნაცისტური რეჟიმის შედეგად სარას ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს ემიგრირებულ იქნა და მან ადრეული ბავშვობა ავსტრიაში გაატარა, ხოლო შემდეგ პარიზში დაბრუნდა ოჯახთან ერთად. განათლების მიღების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო ფოტომოდელად, თუმცა მალევე გაუჩნდა სურვილი, საკუთარი ძალაები ამჯერად ფოტოობიექტივის მეორე მხარეს, ფოტოგრაფად მოესინჯა. თავდაპირველად იღებდა ბექსტეიჯს, უღებდა მოდელებს, რომლებიც მისი კოლეგები იყვნენ გადასაღებ მოედანზე. სარა ამ საქმიანობამ ისე გაიტაცა, რომ გადაწყვიტა ფოტოგრაფია მისთვის არა ჰობი, არამედ პროფესია გამხდარიყო. ფსევდონიმიც – სარა მუნი უმალ მოირგო და თავისი გამორჩული ხელწერითა და ინდივიდუალური შემოქმედებით წარმატების ზენიტშიც მოექცა.

მექანიკურად მივიწყებული “მექანიკური ფორთოხალი”

საერთოდ, ძალიან გულმავიწყი ვარ. ჩემი თითქმის ყველა უხერხული და სასაცილო ისტორია ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ თვისებასთან არის დაკვაშირებული.  ასეთ თავსგადამხდარ ისტორიებს ბევრჯერ მოვუბრუნდები, თუმცა ახლა ერთი აღმოჩენის შესახებ მინდა გიამბოთ. არ ვეცდები დაგაჯეროთ, როგორ გუშინდელი დღესავით მახსოვს პირველი ნაბიჯების გადადგმა. ამის შემდეგ აღარც ის არის გასაკვირი, როგორ გარკვევით ვიხსენებ პირველ დღეს სკოლაში; კესოს, რომელიც ნაზი მასწავლებლს ეხმარებოდა დედა ენის დარიგებაში; ჩემს ნაძვის ხის სათამოშოებთან დაკავშირებულ  ისტორიებს – ვინ, რა დროს და რატომ გვაჩუქა. მათი უმეტესობა დღემდე შემორჩნილი და ბავშვობისდროინდელია. მოკლედ, ბევრი ისეთი რამ მახსოვს, რაც წესით, მეხსიერების დაქვეითების შემთხვევაში, კარგა ხნის მივიწყებული უნდა მქონდეს.

რაც ზემოთ ჩამოვთვალე დიდი ხნის აღმოჩენილი მქონდა, თუმცა ახლა სხვა რაღაცამ დამაფიქრა. საერთოდ, ვერც ერთ მოვლენას, რაც ჩემს გარშემო ხდება, ვერ ან არ ვიმახსოვრებ წლების, თვეების და დღეების მიხედვით. ბავშობის დროიდან კი დროის ორიენტირად კლასს ვიყენებ. მაგალითად, როდესაც პირველად ენტონი ბერჯესის “მექანიკური ფორთოხალი” წავიკითხე მე–9 კლასში ვიყავი. რომ გამოვითვალო მე–9 კლასში რომელ წელს ვიყავი, უნდა გადავთვალო 1983 წლიდან (პირველი კლასი) მე–9 კლასამდე რამდენი წელია. არითმეტიკა და ანგარიში რომ არ მიყვარს, თავიდანვე შემეტყო და ამიტომ იოლად გეტყვით, მე–9 კლასში ვიყავი, როდესაც წაკითხვის შემდეგ “მექანიკური ფრთოხალი” ჩემს კლასელ გოგიტას ვათხოვე. სულ მეგონა გოგიტა, რომელიც ძალიან ცუდად სწავლობა, არაფერს კითხულობდა. მგონი ასეც იყო, მაგრამ მექანიკური ფორთოხალი გამტაცა ხელიდან. მართლა არ მახსოვს, სად დავდე ბოლოს ფოტოაპარატის ჩიპი, რომელსაც მე–3 დღეა ვეძებ. ტელეფონის ყურსასმენის ალი–კვალსაც ვერ მივაგენი კარგა ხანია, მაგრამ აი გოგიტას რომ “მეანიკურ ფორთოხალი” აღარ დაუბრუნებია ძალიან კარგად მახსოვს. გოგიტას მას შემდეგ ბევრი რამ გადახდა თავს. ამას აქ აღარ მოვყვები. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ გოგიტა ის გოგიტა უკვე აღარაა – მამა გიორგია და სამღვდელო საქმიანობას ეწევა. არა, გასაკვირი არც ეს არის. იცით, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, მე–9 კლასიდან მოყოლებული პერიოდულად მახსენდება ეს ამბავი და სულ მინდა, აი, დღესაც მინდა მამა გიორგისგან ჩემი წიგნი დავიბრუნო. გაგეცინებათ, მაგრამ მას შემდეგ ეს სურვილი არ მასვენებს. ზოგჯერ წარმოვიდგენ, როგორ შევდივარ მასთან, როცა სახლში არავინ არის, ვიღებ ჩემს კუთვნილ “მექნიკურ ფორთოხალს” და მომაქვს თან.

მამაო, ეს ქურდობა არ არის.

ეს ჩემთვის პირველი შემთხვევა არ არის. დაახლოვებით იმ ისტორიას გავს – გივი კარბელაშვილის “გათანგულნი” მარის რომ ვათხოვე და მარიმ ნუგოს ცოლს – თამუნას რომ  ათხოვა. ესეც ბავშვობის დროინდელი ვალი იყო, ამ რამდენიმე წლის წინ რომ ჩავისესხე.

მოკლედ, ჩემგან წიგნს თუ ითხოვებთ, ჩემი საქვეყნოდ ცნობილი “ამნეზიის” იმედი ნუ გექნებათ, რომ უკან დაბრუნება აღარ მოგიწევთ. არასოდეს დამავიწყდება, თუ რამ ჩასასეხებელი გაქვთ. გივი კარბელაშვილი და ენტონი ბერჯესი ერთხმად დამეთანხმებიან ამაში.

P.S. ფოტოზე ზუსტად იმ გამოცემის “მექანიკური ფორთოხლის”  ყდის ილუსტრაციაა, რომელიც მამა გიორგის უნებლიე ცოდვად აწევს. ოღონდ, ეს მხოლოდ მე და ღმერთს გვახსოვს.

ქვის ხანის დასასრული?


Share

 

ლეგენდის თანახმად, ის კორეის ყველაზე მაღალ მთაზე ბაიტოუზე უნდა დაბადებულიყო. ამ დროს მთას ცისარტყელა დაადგდებოდა თავზე გვირგვინად. ცაზე კი ვრსკვლავთა რიცხვი ერთით გაიზრდებოდა. იგივე ლეგენდის თანახმად, მისი დაბადების ეს ამბავი  მერცხალმა იწინასწარმეტყველა.  აჭრელდა კედლები ამ ზღაპრული მონათხორბის ამსახველი ფრესკებით. კედლებიდან თითქოს ღმერთი წაიშალა და ახალი მესიის მოლოდინით აივსო ქვეყანა. აი ასეთი პროზაულ  იდეოლოგიაში შეფუთული  პროპაგანდით იწყება ჩვენი დროის დიქტატორის კიმ ჩენ ირის ბიოგრაფია, ჯერ კიდევ, მის დაბადებამდე. მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩენი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მშობლების საბჭოეთში დევნილობის დროს, ხაბაროვსკის სოფელ ვიაცკოეში დაიბადა და ცაზე არც ცისარტყელა გადაჭიმულა და არც ვარსვლავს გამოუნათებია, იოლი გამოსაცნობი იყო, რომ ამ იდეოლოგიით, რაღაც განსაკუთრებულისთვის ამზადებდა წინამორბედი თავის პირმშოს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი პირველი კომუნისტი დიქტატორი იყო, რომელმაც ქვეყნის მმართველობა მემკვიდრეობით მიიღო. შეიძლება ითქვას, მისი წინამორბედი, მისი მამა,  კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დამაარსებელი – კიმ ირ სენი თავიდანვე ანებივრებდა სამხედრო წოდებებით და ამზადებდა მემკვიდეობისთვის.  1998 წელს კი ის, მამის გარდაცვალებისთანავე, მარტივად და ყოველგვარი არჩევნების გარეშე, ოფიცილაურად გახდა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი. მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა მამის ჩრდილიდან გამოსვლა, ლიდერის, რომელიც დღემდე მარადიულ პრეზიდენტად ითვლება  და რომლითაც იწყება ახალი ერა ჩრდილოეთ კორეელებისთვის. ფაქტობრივად კიმ ჩენმა მამის მმართველობის შემდეგ მხოლოდ კონსტიტუციის შეცვლა მოახრეხა.

რა ხდება დღეს კორეაში? ოფიციალური ცნობებით დაახლოვებით 6 მილიონ ჩრდილოეთ კორეელს და მათ შორის ბავშვებს შიმშილი ემუქრებათ. განახევრებული სამომხმარებლო კალათა, სამაგიეროდ შავ ბაზარზე  ბრინჯის ფასის გაორმაგება.  ქვეყანა სიღარიბის ზღვარზეა და ადამიანების ყოველდღიური ყოფა დღითი–დღე უარესდება. მსოფლიოს მშვიდობის მოყვარეებს ამ ქვეყნის სოციალური მდგომარეობა იმდენად არ უნდა აღელვებდეთ, რამდენადაც ის, რომ ეს მოშიმშილე ქვეყანა თავისი არმიითა და სამხედრო შეიარაღებით ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა მსოფლიოში.  მისი 1.2 მილიონიანი არმია და ბირთვული შეიარაღება დღეისათვის მსოფლიოს თავსატეხს წარმოადგენს.

აი ასეთი ქვეყნის ასეთ ლიდერს დასტირის დღეს ჩრდილოეთ კორეის დიდი თუ პატარა. 19 დეკემბერს ერთ–ერთი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, შავებში შემოსილმა ქალმა აქვითინებული ხმით ამცნო თანამემამულეებს თავიანთი ლიდერის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შესახებ. კომუნისტი ლიდერის გარდაცვალება, რისი მიზეზიც მგზავრობისას გულის ინფარქტი იყო, მსოფლიომ ერთი დღის დაგვიანებით შეიტყო. თუ გადავხედავთ ქვეყნის უახლეს ისტორიას, უკანასკნელ ლიდერთა დინასტიის ბიოგრაფიებს და სახელმწიფო პოლიტიკას ნათელი ხდება, რომ ის მასობრივი გლოვა, რასაც კორეის ქუჩებში, სამსახურებში კორეელები გამოხატავდნენ კიმ ჩენ ირის გარდაცვალების დღეებში, სხვა არაფერი იყო, თუ არა ტოტალური ისტერია. ისტერია – სწორედ იმ იდეოლოგიისა და პროპაგანდის შედეგი, რამაც დიქტატორი მამა–შვილი ლამის ღმერთებად აქცია. თუ დავიჯერებთ იმას, რომ კორეელ ხალხს აქვს შიმშილის, თავისუფლების წყურვილის შეგრძნება, მაშინ ისიც კი იოლად დასაშვებია, რომ თავად ეს კადრები, საინფორმაციო რედაქციების მიერ შექმნილი რეპორტაჟები იგივე იდეოლოგიაა, ილუზია იმ გლოვისა და საკუთარ ლიდერზე შეყვარებული მშიერი ხალხის მიერ გამოხატული სიყვარულისა, რასაც შესაძლოა, არანაირი საერთი არ აქვს სინამდვილესთან.

კიმ ჩინ ირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, ატომური ბომბის მოკლე მანძილით გასროლა მოხდა. ამ დროს უკვე გამოთქმული იყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ ქვეყნის მმართველად უკვე კიმ ჩინის ვაჟი კიმ ჩინ უნი მოგვევლინებოდა. ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვევები გვარწმუნებენ, რომ ეს გასროლა მხოლოდ საცდელი მიზნებისათვის მოხდა და მას არავითარი საერთო არ აქვს ლიდერის გარდაცვალებსთან. მაგრამ მაინც ჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი მესიჯი მეზობელი ქვეყნებისათვის – მსოფლიოს, კორეაში ქვის ხანის დასასრულის არანაირი იმედი არ უნდა ქონდეს.

წყარო: bild.de;   stern.de;   sueddeutsche.de