არაყი

პირველი დღის ჩანაწერში მითქვამს – არ ვიცი, დღიურს რატომ ვწერ მეთქი. ამ კითხვაზე მაშინ პასუხი არ მქონდა და მიხარია, ამის გამო წერა რომ არ გადავიფიქრე. შეიძლება ეს პასუხგაუცემლობაც იყო სიჯიუტის მიზეზი. საინტერესოა, როცა საკუთარ ცხოვრებას აკვირდები. თუნდაც ისეთს, ერთი შეხედვით მოტორულად რომ მეორდება და ერთმანეთს გავს – გავიღვიძე, წავედი სამსახურში, მოვედი, ლეპტოპი ჩავრთე, ჩამეძინა… ასეა ერთი შეხედვით, თორემ თუ უფრო კარგად დაფიქრდები, გუშინდელისაგან განსხვავებით რა დაწერო, სათქმელსაც მოძებნი. სათქმელი რომ მოძებნო, ამ ერთი შეხედვით მოტორულად განმეორებად დღეებს სხვა და სხვა კუთხიდან უნდა შეხედო. საკმარისია შენს ცხოვრებას, რომელიც დღეებისაგან, ადამინებისაგან შედგება, განსხვავებული კუთხეები მოუძებნო, რომ მაშინვე აღმომჩენი ხარ. ამ პროცესით გამოწვეული სიამოვნება დღეს პირველად ვიგრძენი და უკვე ვიცი, რატომ ვწერ დღიურებს.

დღეს ოთხშაბათია. 4 იანვარი. პატრიარქის, ლექსოს და მარის დაბადების დღე. ლექსო ჩემი ნათესავია, რომლის დაბადების დღეც ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნებოდა. საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ დაბადების დღეებს. ის რომ ლექსოს დაბადების დღე მახსოვს, სწორედ ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნების ბრალი უფროა, ვიდრე ჩემი ყურადღებიანი და მოწესრიგებულილ მეხსირების. პატრიარქის და მარის დაბადების დღე კი იმიტომ მახსოვს, რომ ის ლექსოსას ემთხვევა. როგორც ჩანს, ჩემი მეხსირებისთვის იერაქიებს და პრიორიტეტებს ნაკლები მნიშვნელობა აქვთ.

გილოცავ, ლექსო, დაბადენის დღეს! მიუხედავად იმისა, რომ ვერც ხმას მოგაწვდენ და ისიც ვიცი, რომ არასოდეს დაიწყებ ჩემი დღიურების კითხვას, მაინც გილოცავ. ბავშვობიდან მოყოლებული გაცხოველებულ კონკურენციასა და შენს ჩხუბის თავობაზე დღეს უკვე ძალიან მეცინება და ძალიან მიყვარხარ. რამდენი სასაცილო რაღაცის გახსენება შემიძლია… გიჟი იყავი და რამდენადაც მზიანი აჭარიდან ხმები ჩემამდეც აღწევს, გიჟადვე დარჩენილხარ. თავიდანვე ამაში მდგომარეობდა შენი განსაკითრებულობა.  მომენატრე!

შედარებით ადრე გავიღვიძე. მობილური ტელეფონი მეორე ოთახში დამრჩენია, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და მაღვიძარამ მთელი ოჯახი წამოახტუნა. კიდევ ერთხელ დავგეგმე, ძილის წინ ტელეფონის მდებარეობა საგულდაგულოდ გადავამოწმო. ასეთი წინდახედულობა არასოდეს გამომდის, მაგრამ მაინც ყოველთვის ვგეგმავ ხოლმე. იდეას რა დაუდგება წინ?!

ყავის დალევა მოვასწარი. პროგრესი! სამსახურში ისევ სრიალ-სიალით წავედი. თოვლის სისქეს არ მოუმატია. როგორც ჩანს წუხელ აღარ მოუთოვია. სასიამოვნოდ მშრალი თოვლი დევს ეს ორი დღეა. მიყვარს ასეთი თოვლი.

არდადეგების მიუხედავად, ჩემი თანამშრომლები განსაკუთრებული რეჟიმით დადიან სამსახურში. მივესალმები! ზოგიერთ ჩემს თანამშრომელთან განსაკუთრებით კარგად გამოდის კოლეგიალობა. სწორედ ამ განწყობით დავასრულეთ დღეს სხდომის ოქმი და ამგვარად პირველ სემესტრს დავუსვით წერტილი. გუშინ გამზადებული წერილები, რითაც ოთხ მშობელს მათი შვილების პირველ სემესტრში შეფასების გარეშე დარჩენას ვატყბინებთ, გზას გავუყენეთ. პასუხს და რეაქციებს ხვალ ველოდებით.

ყველა საქმე მოვილიეთ, თანამშრომლების უმეტესობაც სახლში გავისტუმრეთ და საბაედისწეროდ მაშინ მოვკარი თვალი არყის ბოთლს მაგიდაზე. ხომ არ დამელოცა დღის წარმატებული დასასრული და ახალი წლის დადგომა? ჩამოვასხი და ჭიქაზე მომრახუნებელიც მაშინვე გამომიჩნდა, ბიბლიოთეკარ თინიკოს სახით. სონიას მოტანილი არაყიც ისეთივე ცხარე და თავბრუდამხვევი აღმოჩნდა, როგორიც აჯიკაა ხოლმე. მოკლედ, 2 ჭიქის შემდეგ კარგ ხასიათზე დავდექით და ასეთი განწყობით დავბრუნდი სახლში. დავიძინე.

უკვე მომწყინდა. ერთი სული მაქვს წერას როდის მოვრჩები და მოკლედ გეტყვით – დღეს ჩემი სიმთვრალის გამო გაკვეთილი გავუცდინე კერძო მოსწავლეებს. მიზეზის ახსნა მომიწევს.

ახლა გაყინული ფეხებით საწოლზე ვწევარ და ლეპტოპს ვაკაკუნებ.ცოტა ხნის წინ თავისუფლების დღიურებს გადავხედე, ვასო გულეურის ამოვარჩიე და გადავიკითხე. საოცარი ვინმეა. მონიტორი ღამის ნათურას ირეკლავს. 12 ლარი მივეცი და კარგი გამომადგა. ე.წ. ეკონომ-ნათურა ნატასთან შევიძინე ერთწლიანი გარანტიით. ამ სერვისით რომ ვისარგებლო, ნათურის კოლოფი და ინსტრუქცია (მგონი გადახდის ქვითარიც) ერთი წელი უნდა ვინახო. რა იცი, როდის გადაიწვება.

04.01.2012

Advertisements