ბედობა

სულ სამჯერ დავიწყე დღიურის წერა. სამივეჯერ სხვა და სხვა მიზეზი მქონდა, მაგრამ არც ერთხელ არ მესმოდა ამის გადაუდებელი აუცილებლობა. კარგად მესმის ანა ფრანკის დღიურების მნიშვნელობა. არც ის მიკვირს, როცა თავისუფლების დღიურებს ვინმე კითხულობს. მეც დიდი სიამოვნებით გადამიკითხავს არაერთი ცნობილი მოღვაწის კვირის ცხოვრება, მაგრამ ვინ შეიძლება იყოს ჩემი დღიურების მკითხველი, ან საერთოდ რატომ უნდა იყოს ვინმე, ეს მართლა არ მესმის. სტანდარტული დღიურების შემთხვევაში – რა დროს გავიღვიძე, ამინდის მიმოხილვა, ამის შესაბამისად განწყობის აღწერა, ვიზიტები და ა.შ. ნამდვილად არ მგონია ჩემს ბლოგზე მკითხველის ბურიაყს დააყენებს, მაგრამ  დღიურების წერას მაინც დავიწყებ. არც ახლა ვიცი რატომ, მაგრამ ამას კიდევ ერთხელ შევეცდები. ასე რომ, შემთხვევით ჩემს დღიურებში მოხვედრილო ბლოგერო თუ არაბლოგერო, თავს დამნაშავედ ნამდვილად ნუ ჩათვლი, თუ ყოველგვარი ინტერესის გარეშე ეს გვერდი გახსნისთანავე დახურე. შეიძლება თქვენს ადგილზე მეც ასე მოვქცეულიყავი. ამიტომ  “ბოდიში-არაფერს” თავიდანვე გამოვრიცხოთ.

დღეს ორშაბათია. 2 იანვარი. ბედობა დღე. მთელი დღის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ოთხშაბათი იყო და ფეხს ვითრევდი, დღიურების წერა შუა კვირიდან დამეწყო. საქმის წამოწყებისას ჩემთვის დამახასიათებელი ენთუზიაზმისა და სისტემატიურობის ამბავი რომ ვიცი, მინდოდა წერას ორშაბათიდან შევდგომოდი და შესაბამისად მთელი კვირის ყოველდღიური ჩანაწერები გამეკეთებინა, რადგან ზუსტად ვიცი, მომდევნო კვირიდან ამას არც ასეთი მონდომებით და არც ყოველდღიურად აღარ გავაკეთებ.

იმაში გამიმართლა, რომ დღეს ორშაბათი ყოფილა და დღიურების წერის სურვილი მომავალი ორშაბათის მოლოდინში არ გამიქრება, მაგრამ ახალი წელი, ბლოგზე ჩემი დღიურის პირველი დღე და წელიწადის პირველი თვე ასე დაბნეულად დაიწყო. ანუ ხალხური გადმოცემების მორწმუნეთ თუ დავუჯერებ, დაბენულობა დავიბედე. არ მჯერა მსგავსი თქმულებების. ყველა ისედაც დაბნეულ ადამიანად მთვლის, რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები კიდეც (ბოლომდე არ ვტყდები). დაბნეული ვარ ორშაბათსაც, სამშაბათსაც… გაზაფხულზეც… გუშინაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ბედობა დღესაც.  უკვე აღარც კი მჯერა, რომ ოდესმე რამე ეშველება ამ ჩემს თვისებას და რატომ უნდა დავაბრალო მომავალი ჩემი დაბნელობები ერთ, ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივ, დღეს? ამიტომ არ ვარ ცრუმორწმუნე.

გავიღვიძე თუ არა ლეპტოპი ჩავრთე და თვალი გადავავლე სიახლეებს ფეისბუქზე. არაფერი ახალი – უიმედო და სასოწარკვეთილი სტატუსები.  მათ ჩამონათვალს თანმიმდევრობით თუ მიჰყვები, იმედის ბოლო ნაპერწკალიც კი გაგიქრება.

ყავა მოვიდუღე სასწრაფოდ და ისევ საწოლზე მოვკალათდი. დილიდანვე დავიწყე ჩემი ბლოგის დიზაინზე ფიქრი. რას ვიფიქრებდი, ამას მთელ  დღეს თუ შევალევდი. ძალიან ბევრი წვალების, სხვა და სხვა ფოტოებისა თუ ტექსტურების მოსინჯვის შემდეგ მივაგენი ჩემთვის მოსაწონ ფორმას. ფონი ფოტოშოპში რამდენიმე ფოტოს დეტალისაგან ავაწყე. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ დიზაინს სიმყუდროვის განწყობა უნდა შეექმნა – შემოხვედი ჩემთან, პიჯაკი  და ქოლგა საკიდზე ჩამოკიდე, სინათლე აანთე და საათის წიკ-წიკის ფონზე ჩემი ჩანაწერების კითხვას შეუდექი. ეს ჩავიფიქრე და რა გამომივიდა თავად ნახეთ!

მთელი დღე სტუმრიანობა გვქონდა. ყველაზე დიდ ხანს კუკური და ლეილა დარჩნენ ჩვენთან. ხომ სასაცილო სახელია “კუკური”? ყველას ეცინება. წარმოიდგინეთ კუკურის დაბადებისთანავე გადაწყდა, რომ მის გამოჩენასა თუ ხსენებაზე ყველას უნდა გასცინებოდა. ნეტა რას ფიქრობს ამაზე თვითონ? ჰმ..

დღევანდელი სტუმრების კონტიგენტსა და ასაკს  თუ გადავხედავთ, მათი მასპინძლობა დღეს მე ნაკლებად შემეხო. ამდენად, როგორც დასვენების დღეების დაწყებამდე დავდე პირობა, რომ ახალი წლის დღეებში დავისვენებდი და საწოლში გავატარებდი, ასეც მოვიქეცი. კუკურის არ შეუშლია ჩემთვის ხელი.

მთელი დღე კომპიუტერთან წამოწოლილმა გავატარე. ესეც დავიბედე და კიდევ ერთხელ არ მჯერა – ხვალიდან სამსახურში გავდივარ და საწოლში აღარავინ გამაჩერებს.

02.01.2012.

Advertisements